კონსტანტინე გამსახურდია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მივესალმები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობას პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების“ თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდია დადებითად აფასებს.
გამსახურდიას თქმით, ის და მისი გუნდი აღნიშნულ პოლიტიკურ რეფორმას 2015 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ფორმატში ითხოვენ. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ბევრ სახელმწიფო რესურსსა და მედიამხარდაჭერას მოკლებულ პარტიას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
,,პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნამდვილად მივესალმები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ 2015 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ფორმატში. შეიძლება, გამოჩნდნენ ოხუნჯები, რომლებმაც თქვეს, რომ ერთკაციანი პარტიებისთვის არის ეს და მათი დასაცავი კანონი მზადდება. ასეთ ოხუნჯებსა და მდარე იუმორით თავის შემქცევ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ კაციც არის და კაციც. ზოგი კაცებში წერია და ზოგი არა – ეს ერთი, მეორეც – ეს არ არის ერთკაციანი პარტიები, არამედ ეს არის სახელმწიფო და ფინანსურ რესურსს სრულიად მოკლებული, ასე ვთქვათ, ერთლარიანი პარტიები და პოლიტიკურ ბერკეტებს მოკლებული იმის გამო, რომ ძალიან ხშირად ქვეყანაში სხვადასხვა ეტაპზე დაწყებული 1992 წლიდან, ბატონობს მაფიოზური ელემენტებით დომინირებული პოლიტიკური სისტემა. ამის გამო და, რა თქმა უნდა, მასმედიურ მხარდაჭერას მოკლებული პარტიების დასაცავად თუ მართლაც იქნება კანონპროექტი, ამას რა სჯობს“, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.
კითხვაზე – მიიღებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო შეიქმნება და ზემოთხსენებულ კანონსაც მიიღებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
,,ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. ჯერ მიიღონ კანონი, შეიქმნას ნორმალური საარჩევნო ვითარება და ვიმსჯელებთ შემდეგ ამაზე. მე არ ვარ რადიკალიზმის მომხრე“, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლების” თავმჯდომარე.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები