სახალხო დამცველის აპარატი: ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს
სახალხო დამცველის აპარატი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს.
“საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს; ასევე, მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას სახალხო დამცველი მოგვიანებით გააკეთებს.
სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481”, – აღნიშნულია განცხადებაში.