“პირველი არხის” ჟურნალისტმა შსს-ს შენობა დატოვა

“საქართველოს პირველი არხის” ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს, შსს-ს შენობა დატოვა.
ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველების კითხვებს პასუხობდა.
,,კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევის მოპირდაპირე მხარეს სამართალდამცველები კორპუსებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მანქანა გადააყირავეს და მათ, ვინც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროს, მე და ჩემი ოპერატორი – დავით ცირეკიძე ვიმყოფებოდით სამართალდამცველებთან ერთად, შევედით, სადაც ეს ადამიანები დაიმალნენ და ვიღებდით კადრებს.
თავდაპირველად, პოლიციამ გვითხრა, რომ კადრების გადაღების უფლება არ გვქონდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამ კადრებს შორიდან გადავიღებდით. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა; შორს წავიდნენ, თან გავყევით და ამასობაში მოგვიახლოვდა რამდენიმე სამართალდამცველი და სამოქალაქო პირიც. მოვიდნენ და გვაიძულებდნენ, გადაღებული მასალა წაგვეშალა, მაგრამ ვუთხარით, რომ მასალას არ წავშლიდით. დაიწყეს კამერაზე ხელის მოკიდება, ჩართვის აპარატის გამოწევა და ცდილობდნენ, ჩიპი ამოეღოთ, რისი საშუალებაც არ მივეცით. გვქონდა შელაპარაკება, თუმცა ჩემი მხრიდან არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 4-5 ადამიანი მირტყამდა, საბოლოოდ დამაკავეს და გადმომიყვანეს განყოფილებაში.
უწყებაში გამომკითხეს, რასთან დაკავშირებით დაიწყო შელაპარაკება. გამომძიებლებმაც აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ხშირი არ არის და გაუკვირდათ კიდეც, რომ ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან“, – განაცხადა ნიკა მუხიგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები