” რაც დღეს იკადრა „ნაცმოძრაობამ“, ყველანაირ მორალურ, ზნეობრივ და ადამიანურ სტანდარტს სცდება“
„რაც დღეს იკადრა ნაციონალურმა მოძრაობამ, ყველანაირ მორალურ, ზნეობრივ და ადამიანურ სტანდარტს სცდება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ არც თანამდებობა და არც კომფორტი არანაირი ღირებულება არ არის ჩემთვის. უბრალოდ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ არასდროს და ეს იყო ჩემი სტიმული ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე! მართლა, ჩემი სკამით შემოვედი და ჩემი სკამითვე გავალ ამ შენობიდან, მაგრამ რაც დღეს იკადრა ნაციონალურმა მოძრაობამ, ყველანაირ მორალურ, ზნეობრივ და ადამიანურ სტანდარტს სცდება:
ნიკა მელიას მოწოდება საქართველოს პარლამენტში შევარდნაზე;
სამართალდამცველების მიერ დარიგებული წყლის საპასუხოდ, ამ წყლის და ზემოდან ქვების სროლა;
ის კადრი, ნუგზარ წიკლაური როგორ ამცირებდა დაშავებულ სამართალდამცველს;
და ყველა ის მოწოდება, დესტაბილიზაციისკენ და პროვოკაციისკენ.
ეს არავის არ შერჩება! ქართული სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის უზენაეს და სამოქალაქო ინტერესებს“,- წერს იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცრემლსადენი გაზის გარდა, სხვა რა დაზიანებები აქვთ დაშავებულებს, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად გაზის სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაცარიელდა. აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძრის მხარესა და მეტრო „თავისუფლების“ მხარეს მიმოიფანტნენ. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვალვ ცდილობს დაცარიელებული ადგილების შევსებას. ისინი სკანდირებენ შემდეგი სიტყვებით: „საქართველო, საქართველო“.