დავით მათიკაშვილი: შეთანხმებული იყო, რომ პარლამენტში სესია ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა
„შეთანხმებული იყო, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ დღევანდელი სესია პარლამენტში ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა“ – ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა განმარტა, მისთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხილვა.
მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან სამართლიანი რეაქცია მოჰყვა.
„შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა ოპონენტებს იმის საშუალებას არ მივცემთ, თქვან, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის შეიძლება, ცნობილი ყოფილიყო, რომ სხდომა გავრილოვს უნდა წაეყვანა. შეთანხმებული იყო, რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა. დეტალებში გარკვევაა საჭირო. ხელისუფლებამ მკაცრად დააფიქსირა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და დაუშვებელია, რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში რაიმე ფორუმს ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.