გუბაზ სანიკიძე: თბილისში ჯალალედინია შემოსული, ის დღეს ზვიად გამსახურდიას სავარძელში იჯდა
„თბილისში ჯალალედინია შემოსული და დღეს ის ზვიად გამსახურდიას სავარძელში იჯდა“, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.
გუბაზ სანიკიძის განმარტებით, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაზე მოხდა, კატასტროფა იყო.
„საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში ვიხილეთ კატასტროფა, ჩვენი ეროვნული გლოვა. დღეს ზვიად გამსახურდიას სავარძელში იჯდა ჯალალედინი. დღეს სერგეი გავრილოვის იქ ჯდომა ჩემთვის იყო ის, რაც მოხდა საუკუნეების წინ. მე ვნახე გუმბათმონგრეული სიონი და ზედ შემომჯდარი ბოროტი სულთანი – ჯალალედინი. ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. თბილისში ჯალალედინია შემოსული. თბილისი და სრულიად საქართველო ფეხზე უნდა დადგეს, უკან მოგვრჩება პარტიებიც და ერთმანეთის წარსულში ჩხიკინიც. ვინც წარსულს ჩხრეკს, ის მომავალს ვერასდროს მიაღწევს. ნუ ამართლებთ საკუთარ შიშებს, ვინც ახლა შორიდან გვიყურებს და ჩვენზე ჭკვიანები ჰგონიათ თავი. მარტო ვერაფერს მიაღწევთ, ნუ გაიხდით საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების საწყევრად თავს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა.
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.
აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ.
შედეგად, სესია ჩაიშალა.
დღის ბოლოს გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს.