ზუგდიდში სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოშვება და პარლამენტის დარბაზში სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია სპონტანურად სოციალურ ქსელში დაიგეგმა. მათთვის მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის გავრილოვის ყოფნა საქართველოში.

“ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატი, ადამიანი, რომელიც არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მხარდამჭერია საოკუპაციო   პოლიტიკისა, დღეს იმყოფება საქართველოში რაღაც გაურკვეველი, გაუგებარ ღონისძიებაზე და ყველაზე შემზარავი ფაქტი იყო ის, რომ იგი საქართველოს პარლამენტის შენობაში იყო, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან საუბრობდა და გველაპარაკა დანარჩენ საქართველოს. სწორედ ეს ფაქტია მიუღებელი. რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, 20 % აქვს მას ოკუპირებული და ყოვლად მიუღებელია და დაუშვებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში მონაწილეობდნენ, თავისუფლად გადაადგილდებოდეს საქართველოში”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, აჩიკო თოდუამ.
გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქცია, ამის შესახებ  ორგანიზატორები მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.
ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში იმყოფება, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობაში უნდა გამართულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები