კახა კალაძე: როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მიუღებელია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება

თბილისის მერი, კახა კალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთის მხრიდან მიუღებელია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება.
მისივე თქმით, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „მინდა, შევეხო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს. როგორც ქალაქის მერი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ, შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები