„სახელმწიფო როგორც კი პასიურ მდგომარეობაში გადადის, მაშინვე “ნადირობის სეზონი” ცხადდება“ – რუსუდან გოცირიძე „პრაიდსა“ და სიძულვილის ჯგუფებზე
“სახელმწიფო როგორც კი პასიურ მდგომარეობაში გადადის, მაშინვე ცხადდება “ნადირობის სეზონი”. ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს”, – ამის შესახებ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსუდან გოცირიძე „თბილისი პრაიდსა“ და ბოლო დღეებში სიძულვილის ჯგუფების წევრთა ქმედებებს გამოეხმაურა.
„2013 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო საზოგადოება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, არ ცვლის სიტუაციის გააზრების სტრატეგიას. ამ დღეებში ვკითხულობდი, გადაცემებს ვუყურებდი. ყველგან ამ ორი აზრის დაპირისპირებას ვხედავ: ერთი მხარე ლაპარაკობს იმაზე, რამდენად კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს „პრაიდის“ ჩატარება, მეორე მხარე კი იმაზე, რომ ხონჩით არავინ მოგართმევს არც უფლებას, არც თავისუფლებას, ამის დრო თუ არ დააყენე, თვითონ არ დადგება. ორივე მხარეში ნამდვილად არსებობს ისეთი არგუმენტები, რომელიც გასააზრებელია, რომელიც დასაფიქრებელია. სამწუხაროდ, მიდის ერთი მეორის დემონიზაცია, გარიყვა, ცივსისხლიანობაში დადანაშაულება. მე ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ, იმ ადამიანებით ვარ აღფრთოვანებული, რომლებმაც გაბედეს და, საზოგადოების წნეხის მიუხედავად, გადადგეს ნაბიჯები, თუმცა, მეორე მხრივ, ამაზე არ დაფიქრება – ახლა მეტროში სცემეს მუსიკოსები, ხვალ, შეიძლება ჩემს შვილს დახვდნენ ქუჩაში და სცემონ იმის გამო, თითქოს, რაღაც სტანდარტში არ ჯდება. მე არ მაქვს ამაზე პასუხი. უბრალოდ, მე მაქვს იმაზე წუხილი, რომ ამ პასუხებზე ძიებაში ერთმანეთის ლანძღვის იქეთ არავინ არსაით მიდის.
ამერიკის მაგალითს გავიხსენებ, როცა 5 შავკანიანი ახალგაზრდა ვერ მიდიოდა უნივერსიტეტში, პრეზიდენტმა ჯარი გაგზავნა და ჯარის თანხლებით დადიოდნენ ეს ახალგაზრდები სასწავლებლად. ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ თუ არ გაბედე, არ გახვედი, არავინ არაფერს მოგართმევს. ვიღაცას აღიზიანებს ჩემი არსებობა; ვიღაცას აღიზიანებს, რომ წერეთლის პროსპექტზე ბაპტისტური ეკლესიაა. არ გავაღიზიანო, დავშალო ეს ეკლესია? არ გამოვიდე და ვიჯდე სახლში? მაგრამ, მეორე მხრივ, როცა არსებობს ვიღაცების შვილების ცემის, დასახიჩრების ალბათობა, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? აქ ძალიან დაბნეული ვარ. არ ვიცი, რა არის გამოსავალი“, – განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე – უნდა ჩატარდეს, თუ არა LGBT აქტივისტების მიერ “ღირსების მარში”, რუსუდან გოცირიძემ განაცხადა:
„არ მაქვს ამაზე პასუხი. არ ვიცი, რამდენად შედეგიანი იქნება. მარში ნიშნავს, როცა ხალხს დაანახებ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი ვართ, რომ ჩვენ არ ვიმალებით, თქვენი შვილები, მეზობლები, ნათესავები ვართ. ამას ემსახურება ეს გამოსვლა. იდეაში ეს ცუდი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს რამდენად დადებს იმ შედეგს, რისთვისაა ეს მარშია მიმართული, არ ვიცი. თუმცაღა, იდეა არის ძალიან ძვირფასი.
თუ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე – სახელმწიფოს არ აქვს ორი ვერსია, სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა, რომ მოქალაქე უნდა დაიცვას მიუხედავად იმისა, ვინაა ვისი მოქალაქე. სახელმწიფოს არ აქვს სხვადასხვა ვერსია და არ უნდა უთხრას მოქალაქეს, რომ მე შენ ვერ დაგიცავ და თუ ვინმეს რამე დაუშავდება, შენი ბრალია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ გვაქვს.
ახლა უნდა ვაკონტროლოთ, ვის რა ფერის ტანოსამოსი გვაცივია , ვის რა ფერის თმა გვაქვს, ამ შემთხვევაში ორი აზრი არ არსებობს – აქ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, როგორც კი ამ ჯგუფებმა დაიწყეს რაღაც ფორმირებების ჩამოყალიბება, აქ სახელმწიფომ თავის პასუხი უნდა თქვას. თუ სახელმწიფო არ აჩვენებს, რომ სხვისი ქონების დაზიანება, ადამიანებზე ძალადობა, შეურაცხყოფა, რაც კანონით ისჯება, არ დაისჯება იმის გამო , რომ დღეს ცოტა დაძაბული მდგომარეობაა, ეს არ გაჩერდება არასდროს. როგორც კი პასიურ მდგომარეობაში გადადის სახელმწიფო, მაშინვე ცხადდება “ნადირობის სეზონი”. ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს“,- განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ LGBT აქტივისტებს ე.წ. ღირსების მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვაგვარ საქმიანობას გულისხმობს.
ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ “თბილისი პრაიდისა” და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში თბილისში „იპატრულირებენ“
მისი თქმით, კორდონის გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობდნენ და, თუ პოლიცია მათ წინააღმდეგობას გაუწევდა, “კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი”.
“ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს”, — განაცხადა მან.
თამუნა შეყილაძე