სოფო კილაძე: ყველამ თავი უნდა შევიკავოთ არეულობაში მონაწილეობის მიღებისგან

“ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება ძალადობრივი დაპირისპირებისა და არეულობის რისკი შენს სამშობლოში. ასეთ დაპირისპირებას არასდროს არაფერი კარგი არ მოუტანია ქვეყნისთვის”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც კილაძე აღნიშნავს, ყველა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი სწორი გზა არის დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და არა  – შეურაცხყოფა.
„ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება ძალადობრივი დაპირისპირებისა და არეულობის რისკი შენს სამშობლოში. ასეთ დაპირისპირებას არასდროს არაფერი კარგი არ მოუტანია ქვეყნისთვის. ამით მხოლოდ საქართველოს მტერი შეიძლება გამოვიდეს გამარჯვებული. მახსოვს, არც თუ შორეულ წარსულში, ბევრს ეგონა, ქვეყნის საქმეს აკეთებდა, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ მივიღეთ დანგრეული რუსთაველი და ძმები, რომლებიც ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებდნენ.
ჩვენი კონსტიტუცია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის თანასწორობას, ასევე, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას. მგონია, რომ ყველა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი სწორი გზა არის დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და არა შეურაცხყოფა, დახოცვა და ჩაქოლვა. ამას ვამბობ, როდესაც სიძულვილის და მუქარის ენა გამოიყენება უმცირესობების მისამართით და იმ შემთხვევაშიც, როდესაც სიძულვილის ენას გამოიყენებს ნიკა გვარამია კონკრეტული ადამიანების მიმართ ან საზოგადოების ზოგიერთი წევრი ჩვენი პატრიარქის მისამართით. ძალიან უცნაურია, რომ რატომღაც ამ უკანასკნელ ორ შემთხვევაში, ზოგიერთ წრესა თუ მედიასაშუალებაში ეს სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევა.  იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში და არავის მისცემენ შესაძლებლობას, გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ყველას გვმართებს დიდი სიბრძნე და გონიერება, რომ ჩვენს სამშობლოს გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ. მგონია, რომ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ არეულობაში მონაწილეობის მიღებისგან. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობების წინაშე!“, – აცხადებს სოფო კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები