ემზარ კვიციანი: მეუფეები დაიძრებიან მრევლით და მიხვდებით, რომ NDI-ს გამოკითხვა არ არის მართალი

“ხალხს „პრაიდის“ ჩატარება არ უნდა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ არის თავსმოხვეული”, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.
ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ კონსტიტუციით ხალხს აჯანყების უფლება აქვს, თუმცა, მისი თქმით, აჯანყებისთვის ჯერ არავინ ემზადება.
როგორც კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ დაჯგუფებებში სპეცსამსახურებმა ჯაშუშები არ შეაპარონ, ფიცია საჭირო.
„დედას ვფიცავარ, არ გყოფნით? ფიცი რაც არის, ისე უნდა დავიფიცოთ. დავიფიცეთ ხატზე. ღმერთის გვწამს, ფიცი ხატისა და ბიბლიის წინაშე ხდება. ჯგუფების შექმნა არანაირ დაძაბულობას შექმნის. პოლიციას არ დავემორჩილებითო, არავის უთქვამს. პოლიცია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა, პოლიცია აღარ არის. ხალხს „პრაიდის“ ჩატარება არ უნდა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ არის თავსმოხვეული. ქუჩაში ერთ დაძახებაზე ამდენი ხალხი ამიტომ გამოვიდა. თვით განწირვაზე მიდიან, ეროვნული იმუნინეტი ჩაირთო. თუ სიმშვიდე უნდათ, თავი უნდა დაანებონ იმას, რასაც უცხო ქვეყნები თავს გვახვევენ. დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თუ ვინმეს კოლონია? რას ჰქვია, „პრაიდის“ ჩატარებას ელჩები ითხოვენ? – ამას ოკუპაცია ჰქვია. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ვართ და ახლა სულიერ ოკუპაციას ახდენენ. ეს ყველაფერი ამის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ჩვენი თავი უნდა ვაჩვენოთ. რაც არ გვინდა, თავს ნუ მოგვახვევენ”, – განაცხადა კვიციანმა.
ის ლევან ვასაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვასაძემ სიტყვა “კომბალი” სიტყვის მასალად გამოიყენა.
„ლევან ვასაძეს არ ვიცნობ, მაინტერესებდა და მას მოვუსმინე. ჩვენი მიზანია, ქალაქი სიბილწისგან დავიცვათ. ტიტველი უკანალებისა და “გეიპარადების” ჩვენება მიზანშეწონილი არ არის. თუ კონსტიტუციას კითხულობთ, კარგად წაიკითხოთ. ლევან ვასაძემ “კომბალი” სიტყვის მასალად გამოიყენა. თუ თავს დაგვესხმებიან, იმ შემთხვევაში თავს კომბლებით დავიცავო. კომბალი რად მინდა? – მე არ მჭირდება. კომბალი არასოდეს მჭერია, 14 წელია, იარაღი არ დამიჭერია ხელში მეომარ კაცს. საქართველოში როცა ვარ, არც კომბალი მჭირდება და არც იარაღი. ლევან ვასაძეში ლიდერი დავინახე. რაც ხალხს უნდოდა, მისგან ხალხმა ეს მოისმინა. ფიცის დანიშნულება ისაა, რომ მართული არ იყოს ლევან ვასაძე და არც – სხვა. ასეთ შემთხვევაში არაქართული საქმე არ გაკეთდება. ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს და არა ამერიკისა და რუსეთის ელჩებს. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ საელჩოში იჯდეს, თავისი საქმე აკეთოს და ჩვენს საქმეებში, შიდა “კუხნაში“ არ უნდა ჩაერიოს. ერი აღდგა, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ლევან ვასაძე რომ დააკავონ, მუხტი ჩაქრება? – ქუჩაში მთელი საქართველო გამოვა. მეუფეებმა განცხადებები გააკეთეს, დაიძრებიან თავიანთი მრევლით და მიხვდებით, რომ NDI-ს გამოკითხვა კი არ არის მართალი, არამედ ხალხს უნდა მოუსმინონ”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები