ვანო ზარდიაშვილი: კომბლები შეიძლება, გავთალოთ და ჭერში დავალაგოთ

0

“ზედმეტი ფორმირებებისა და დაჯგუფებების შექმნა არასერიოზულია, რადგან სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
„ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ყველას მოვუწოდებ, კონსტიტუციას დაექვემდებარონ. როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თლა ზედმეტია. კომბლები შეიძლება, გავთალოთ და ჭერში დავალაგოთ. ახალი კონსტიტუციის პირობებში ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია, სახელმწიფო ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავს და ზედმეტი ფორმირებებისა და ჯგუფების შექმნა არასერიოზულია, რადგან სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებს”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ  ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
“გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან”, – განაცხადა ვასაძემ. აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი