სერგი კაპანაძე: ვასაძისა და მისი მიმდევრების მხრიდან გუშინ ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება ვნახეთ

„ვასაძისა და მისი მიმდევრების მხრიდან გუშინ პირდაპირ ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება ვნახეთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე იმის დაანონსება, პოლიციას წინააღმდეგობას როგორ გაუწევენ – ეს, პირდაპირ, სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა და ამაზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება.
როგორც კაპანაძე აცხადებს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას.
„უდავოა, რომ ამას უფრო ფართო და შორსმიმავალი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნია. ისიც უდავოა, რომ ამ ყველაფრის ზურგს უკან ჩვენი მტერი ქვეყანა, რუსეთი დგას, რომელიც თავის სამეზობლოში, უკლებლივ ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს ზუსტად მსგავსი გზავნილებითა და პროპაგანდით მანიპულირებს. როგორც ჩანს, ახლაც საქართველოში ეს მორიგი პროექტი ლევან ვასაძის სახით გააქტიურდა. თუ ეს კიდევ უფრო შორს წავა და ძალადობა იქნება, ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ენიჭება წარსულში მათი უმოქმედობისა და ცუდი მოქმედების გამო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
“გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან”, – განაცხადა ვასაძემ. აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები