გოგი მიქელაძის ნამუშევრების სოლო გამოფენა  – „ოპტიკური ინტერაქცია“ გაიხსნება

20 ივნისს, 19:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გოგი მიქელაძის ნამუშევრების სოლო გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ობიექტების, ესკიზების, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 20 ივნისიდან 28 ივნისამდე შეეძლება.
გოგი მიქელაძე 1946 წელს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
მხატვარი ადრეული პერიოდიდან იჩენს ინტერესს მოცულობითი კომპოზიციების მიმართ, იყენებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, სარკეს, ლინზას. ამრეკლავი ზედაპირების გამოყენებით, ობიექტები განსხვავებულ დატვირთვას იძენს და დამთვალიერებელი ახალ რეალობაში გადაჰყავს.
,,მოსარკული ლინზის გამო განსხვავებული წერტილები განსხვავებულ მონაკვეთში სხვადასხვაგვარად ჩანს. ეს ლინზის პრინციპია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ოცდათხუთმეტი წლის წინ აღმოვაჩინე, მას შემდეგ ვეღარ ვივიწყებ, დღესაც უწინდებურად მიზიდავს, იმიტომ, რომ ახალ შესაძლებლობებს ვხედავ და სხვადასხვაგვარად ვიყენებ“, – გოგი მიქელაძე, 2016.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მომავალი მხატვრული ფილმის ,,სად მიდის ლიზა“ (რეჟისორი ნანა ჯანელიძე, დამდგმელი მხატვარი და ანიმაციის მხატვარი – გოგი მიქელაძე) ესკიზები. ფილმი ქართულ–აფხაზური ომის ისტორიას ეხება და მიმდინარეობს მასზე მუშაობა.
გოგი მიქელაძე 1970 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, საქართველოსა და პოლონეთში, ასევე რუსეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში. 2000 წელს ქართველ ნონკონფორმისტთა გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ნიუ- ჯერსიში, აშშ. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ბერლინში გაიმართა, 1995 წელს, 1999 წელს – პენსილვანიის შტატში, აშშ. თბილისში მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა გალერეა „კოპალაში“ (2004) , მხატვრის სახლში (2005), გალერეა „ვერნისაჟში“ (2005), გალერეა „შარდენში“ (2010).
1970 წლიდან გოგი მიქელაძე კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარია.

ის არის დამდგმელი მხატვარი შემდეგი ფილმების: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1980, რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი), „დღეს ღამე უთენებია“ (1982, რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე), „მონანიება“ (1984, რეჟისორი: თენგიზ აბულაძე), „ორომტრიალი“ (1986, რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე), „ოტელო“ (2003, რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი), „საშობაო საჩუქარი“ (2004, რეჟისორი: ნანა ჯანელიძე), „სავარძელი“ (2017, რეჟისორი: ელდარ შენგელაია); და სპექტაკლების – „საჩუქარი“ (2005) და „ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში“ (1986). მიღებული აქვს კინოაკადემიის ჯილდო ,,ნიკა“ (1987). ასევე, სახელმწიფო პრემიები ფილმებისთვის: „ეი, მაესტრო“ (რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე), „დედაო ღვთისა“ (რეჟისორი: მიხო ბორაშვილი) და „გზა მაცხოვრისა“ (რეჟისორი: მიხო ბორაშვილი).
გამოფენა 20 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები