IDFI: 100 საჯარო დაწესებულებიდან 15-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი

ორგანიზაციამ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ( IDFI) 2019 წლის მაისში, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 100 საჯარო დაწესებულებაში შეისწავლა. უწყებათა ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგის შედეგების შესახებ დოკუმენტი კი, დღეს გამოქვეყნდა.
ანალიზის შედეგად დადგინდა რომ, 100 საჯარო დაწესებულებიდან, 8 უწყებას საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი, ხოლო 6 უწყების შემთხვევაში ვებგვერდზე არ იყო შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება . ერთ უწყებას, კი, საერთოდ არ გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი, თუმცა საჯარო ინფორმაციის განყოფილება შექმნილი იყო მისი ზემდგომი უწყების ელექტრონულ რესურსზე. დანარჩენი 85 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე შექმნილი იყო საჯარო ინფორმაციის განყოფილება და პროაქტიულად იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია.


IDFI -ის ანალიზის მონიტორინგის შედეგად გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
2019 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით არც ერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო, ყველაზე დაბალი კი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (39%);
2014 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 9-მ, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 47%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 76%-ია;
სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;
საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო;
არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (CSV ან XML) სახით. 31 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;
მხოლოდ 48 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები