გიორგი ცუცქირიძე: ბოიკოტის მომხრეთა სავარაუდო მხარდამჭერების მონაწილეობითაც კი, ოპოზიციას შანსი არ ჰქონდა ხელისუფლებისათვის მოეგო
ქვეყანა მართლა რომ მიდიოდეს სხვა არაევროპული ტრაექტორიით, აუცილებლად აისახებოდა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების კვლევებში და წლიურ მოხსენებებში, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ბოიკოტის მომხრეთა სავარაუდო მხარდამჭერების მონაწილეობითაც კი, ოპოზიციას შანსი არ ჰქონდა ხელისუფლებისათვის მოეგო, რომელსაც მხარს აქტიური მოსახლეობის მილიონზე მეტი მხარდამჭერი დღესაც ჰყავს.
„დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მოწოდებების მიუხედავად, ფაქტიურად არაფერი იცვლება. ხშირად არის მოსაზრება, რომ დასავლეთის ამ ერთგვარი დუმილის პოზიცია განპირობებულია ქვეყანაში არსებული ანტიდასავლური დისკურსით ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების თუ პროსახელისუფლებო მედიის მხრიდან. ეს რომ რეალობა იყოს და ქვეყანა მართლა მიდიოდეს სხვა არაევროპული ტრაექტორიით, აუცილებლად აისახებოდა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების კვლევებში და წლიურ მოხსენებებში, სადაც საქართველო ყველა ძირითადი პარამეტრით იქნება ეს საკრედიტო რეიტინგები თუ მმართველობითი ინდიკატორები არა თუ უკან მიდის, არამედ თავად ევროკომისიის ანგარიშითაც აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და უსწრებს როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილსაც.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს თემა ზედმეტად უტრირებულია. თუ კრიტიკაზე მიდგა საქმე, ბრიუსელს დღეს არანაკლებ აკრიტიკებს არა მხოლოდ წამყვანი ევროპული ქვეყნების ოპოზიცია, უნგრეთის ან სლოვაკეთის ოფიციოზი, ორბანი ან ფიცო, არამედ ამ დღეებში ჩეხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ბაბიშმა, დიდწილად სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატიის მწვავე კრიტიკით. ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 99%-ის დამუშავების შედეგად, ყოფილი პრემიერის ბაბიშის პარტიას ANO („უკმაყოფილო მოქალაქეთა აქცია“) მხარი ამომრჩეველთა 34,69%-მა დაუჭირა და პირველ ადგილზე გავიდა. ბაბიშის წინასაარჩევნო რიტორიკა კი აგებული იყო ევროსკეპტიციზმზე, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით (შეაჩერებს „ჩეხეთის ინიციატივას“, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის ტყვია-წამლის შესყიდვა ხორციელდებოდა), ბრიუსელის მხრიდან წარმოებული მიგრაციული პოლიტიკის მიუღებლობაზე თუ საპენსიო პოლიტიკაზე. ამასთან, ამ პოლიტიკური ლიდერების რიტორიკაში არც „დიფ სტეიტი“ და მისი გათვლებია უცხო ხილი, ხოლო თავად ამ ლიდერებს და მათ პარტიებს დასავლეთის მემარცხენე მეინსტრიმული მედია სულაც პრორუსულ პოლიტიკოსებადაც კი მოიხსენიებს.
ისმის ლოგიკური კითხვა თუ ევროკავშირის წევრ ამ ქვეყნებთან ბრიუსელი მაინც თანამშრომლობს, მიუხედავად არსებული ანტაგონისტური შეხედულებებისა, რატომ არის ასე მწვავედ დაპირისპირებული საქართველოს ხელისუფლებასთან?
ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი საარჩევნო სტიგმაშია საძიებელი. ცნობილია, რომ დასავლეთი, იგულისხმება ევროკავშირიც და აშშ-ც, დემოკრატიულ მახასიათებლად მმართველი პარტიის მაქსიმუმ 2 საარჩევნო ციკლს განიხილავენ, რომლის შემდეგაც უნდა განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება. მართალია, აშშ-ში საპრეზიდენტო მმართველობაა, მაგრამ მოქმედ პრეზიდენტს ასევე მხოლოდ 2 საარჩევნო ციკლში შეუძლია კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. აქ თავისებური კონსენსუსი შეიძლება იყოს კოალიციური მმართველობა, როგორც იყო თუნდაც გერმანიაში მერკელის დროს.
თუ კარგად დავაკვირდებით, დასავლეთმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ზედიზედ მეორე საარჩევნო ციკლში გამარჯვება მაინც ცნო, მიუხედავად მაშინაც აქაური ოპოზიციის მტკიცებისა არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ე.წ. სომხურ კარუსელებზე თუ ამომრჩეველთა დაშინებაზე. დამტკიცებით კი მაშინაც დოკუმენტალურად რეალურად ვერც ვერაფერი დაამტკიცა.
აქედან გამომდინარე, 2024 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რომელიც ზედიზედ მესამედ მოვიდა ხელისუფლებაში უმრავლესობით, ვფიქრობ გახდა პრობლემური სწორედ ზემოთ ნახსენები სტიგმის გამო. შემთხვევით კი არ იყო მუდმივი საუბარი კოალიციურ მმართველობაზე, რასაც ოპოზიციური ველი ახმოვანებდა. შესაბამისად, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან წარმოებული ბოიკოტი და საპროტესტო გამოსვლებიც ამ პოლიტიკის ნაწილია, ისევე როგორც 4 ოქტომბრის არშემდგარი „მშვიდობიანი რევოლუცია“. თორემ სტატისტიკა და არითმეტიკა აქ შეიძლება ზოგიერთ ექსპერტს ეშლებოდეს, მაგრამ არა მგონია ბრიუსელში არ ითვლიდნენ.
ბოიკოტის მომხრეთა სავარაუდო მხარდამჭერების მონაწილეობითაც კი, ოპოზიციას შანსი არ ჰქონდა ხელისუფლებისათვის მოეგო, რომელსაც მხარს აქტიური მოსახლეობის მილიონზე მეტი მხარდამჭერი დღესაც ჰყავს. მათთვის იდეალურ შემთხვევაში მაქსიმუმ 35-40% აეღოთ, ხოლო თბილისში მეორე ტური გამართულიყო.
ამ რეალობის მიუღებლობა ქმნის კონფლიქტს ოფიციალურ თბილისსა და ბრიუსელს შორის, და რადგან ხელოვნურად კოალიციური მთავრობის ფორმირება ასეთი სუსტი და ფრაგმენტირებული ოპოზიციის პირობებში თეორიულადაც კი ძნელად მისაღწევია, რჩება ქუჩიდან ხელისუფლების ჩანაცვლების გზა, ხელისუფლებაზე ზეწოლით თუ ვადამდელის არჩევნების მოთხოვნით, რომლის გაგრძელებაც არის გაუთავებელი პროტესტი რუსთაველზე ქუჩის გადაკეტვებით. როგორც იტყვიან ბრძოლა გაძლებაზეა, და არც უვიზო მიმოსვლის გაუქმების ახალი წესების შემოღებაა შემთხვევითი, რაც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენც გვეხება. ბევრი რამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ნაკლები დანაკარგებით გაივლის ამ პერიოდს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.