“სახელმწიფომ, ბოლო დღეებში, საკმაოდ მაღალი მდგრადობა აჩვენა – ვალუტის კურსი არ შეცვლილა, ADB-სთან სოლიდურ სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი” – სოსო არჩვაძე

“სახელმწიფომ ბოლო დღეებში საკმაოდ მაღალი მდგრადობა აჩვენა. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ორ ფაქტს მოვიტან, ესაა – ვალუტის კურსი, რომელიც, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და მეორე, ეს არის ის, რომ სწორედ გუშინ “აზიის განვითარების ბანკთან” საკმაოდ სოლიდურ სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი იმისათვის, რომ ბათუმის გვერდის ავლით ევროპული სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურა აშენდეს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრად, დინამიკური განვითარების პროცესს აჩვენებს.
როგორც არჩვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების პოტენციალი აქვს და მასთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერა პერსპექტიულია.

“იმ გლობალური მღელვარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო და მთლიანად მსოფლიოშია, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრად, დინამიკური განვითარების პროცესს აჩვენებს, რაც მას პოზიტიურად გამოარჩევს არა მარტო სამეზობლოში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. საერთაშორისო ფინანსური, ეკონომიკური, სარეიტინგო კომპანიები ამას ხედავენ, აფასებენ, ობიექტურ შეფასებას აძლევენ. ეს არაერთი გამოკვლევით, შეფასებით დასტურდება. თანაც, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს შეფასება ეხება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის ფაქტობრივ მდგომარეობას, რასაც ჩვენი სტატისტიკური სამსახურიც და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ, არამედ ინსტიტუციურ მდგრადობასაც, დემოკრატიისკენ წინსვლისა და რიგი სხვა პარამეტრების მიხედვით.

რაც შეეხება მიმდინარე მომენტს – მე შემიძლია, გითხრათ, რომ სახელმწიფომ ბოლო დღეებში საკმაოდ მაღალი მდგრადობა აჩვენა. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ორ ფაქტს მოვიტან. ეს არის ვალუტის კურსი, რომელიც, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და მეორე, ეს არის ის, რომ სწორედ გუშინ “აზიის განვითარების ბანკთან” საკმაოდ სოლიდურ სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი იმისათვის, რომ ბათუმის გვერდის ავლით ევროპული სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურა აშენდეს, თავისი გვირაბით, ასაქცევი გზებით, უგრძესი ხიდით. ამისთვის დაახლოებით, 355 მილიონი დოლარი (306,6 მლნ ევრო) გამოიყო. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ენდობიან, თვლიან, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების პოტენციალი, რესურსი, მდგრადობა აქვს და მასთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერა საკმაოდ პერსპექტიულია”, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები მილიარდ-ნახევარზე მეტით შეავსო. როგორც არჩვაძემ აღნიშნა, ამ სავალუტო რეზერვების არსებობა ერთ-ერთი ფაქტორია იმისათვის, რომ ჩვენმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

“რაც შეეხება ვალუტის კურსს – ვალუტის კურსი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ექსპორტ- იმპორტის მაჩვენებლებს და რიგ სხვა ინდიკატორებს უკავშირდება. მსოფლიო პრაქტიკაში ცვალებადობა საკმაოდ მიღებულია. შემიძლია დაგისახელოთ, რომ ევროსა და დოლარის ურთიერთმიმართებაში იყო დრო, როდესაც ერთი ევრო დოლარი და 60 ცენტი ღირდა, ასევე იყო დრო, როცა ერთი ევრო მხოლოდ 90 ცენტზე ჩამოვიდა. ამჟამად, ერთი ევრო დაახლოებით 1.16-ის დოლარის ფარგლებშია. ანუ, ასეთი ცვალებადი კურსი სხვა ბევრი, საქართველოზე განვითარებული და ძლიერი ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, რამდენიმე პუნქტის ცვლილება რაიმე განგაშის, ან შეშფოთების საგანი არ უნდა იყოს. მე მეტსაც გეტყვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი სავალუტო რეზერვები გაცილებით მეტი მოცულობით შეავსო, მილიარდ-ნახევარზე მეტია, რაც 2008 წლისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიან რეზერვებს აღემატება. ანუ, პირველი რვა თვის განმავლობაში ჩვენი რეზერვები უფრო მეტად შეივსო, ვიდრე 2008 წლისათვის ჩვენი რეზერვების საერთო მოცულობა იყო. ეს უბრალოდ შედარებისათვის. სწორედ ამ სავალუტო რეზერვების არსებობაა ერთ-ერთი პირობა, განმაპირობებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ჩვენმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეკონომიკური და საინვესტიციო საქმიანობისათვის პერსპექტივა, მიმზიდველობა უზრუნველყოს”-, განაცხადა სოსო არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები