მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურებიან, რომელიც ხანგრძლივი კონფლიქტის შეწყვეტასა და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებას ისახავს მიზნად.
“ვაფასებ შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას ამ გარღვევის მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების პირობები. ბრძოლა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ტანჯვა უნდა დასრულდეს. გაერო მხარს დაუჭერს შეთანხმების სრულ განხორციელებას, გააფართოვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ჩვენ ხელს შევუწყობთ ღაზაში აღდგენისა და რეკონსტრუქციის ძალისხმევას”,- წერს გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევას და ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნისკენ მოუწოდებს.
ეს შეთანხმება ახლა სრულად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს და თან ახლდეს ღაზაში სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ჰუმანიტარული დახმარების ყველა შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაასრულონ ომი და შექმნან საფუძველი კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ მდგრადი გზის დასაწყებად. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დაუყოვნებლივ ნაბიჯებს და მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშვიდობო გეგმის სრული განხორციელება“, – განაცხადა სტარმერმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს, ევროკავშირი კი მისი განხორციელების მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებს.
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპის მიღწევას. მისი თქმით, ოტავა მოუწოდებს ყველა მხარეს, სწრაფად შეასრულონ ყველა შეთანხმებული პირობა და იმუშაონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
“ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და მადლობას ვუხდი კატარს, ეგვიპტეს და თურქეთს, მოლაპარაკებების მხარდასაჭერად მათი დაუღალავი შრომისთვის. მოხარული ვარ, რომ მძევლები მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. მრავალი წლის ინტენსიური ტანჯვის შემდეგ, მშვიდობა, საბოლოოდ, მიღწევადი ჩანს”,- წერს კარნი სოციალურ ქსელში.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს და განაცხადა, რომ თურქეთი შეთანხმების შესრულებას ყურადღებით დააკვირდება.
“მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, რომელმაც გამოავლინა საჭირო პოლიტიკური ნება, რათა ისრაელის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო, და განსაკუთრებით ჩვენი მოძმე ქვეყნების, კატარისა და ეგვიპტის მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს შეთანხმების მიღწევაში. როგორც თურქეთი, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით შეთანხმების შესრულებას და გავაგრძელებთ პროცესში წვლილის შეტანას. ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე პალესტინაში 1967 წლის საზღვრების საფუძველზე არ შეიქმნება დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ინტეგრირებული პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი.
იტალია მიესალმება ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის პირველი ეტაპის შესახებ შეთანხმებას და აცხადებს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო ძალები გაგზავნონ.
“მშვიდობა ახლოსაა. იტალია, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა აშშ-ის გეგმას, მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებაში, ახალი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ღაზის რეკონსტრუქციაში. ჩვენ ასევე მზად ვართ, გავგზავნოთ სამშვიდობო ძალები, თუ ეს საჭირო გახდება პალესტინის გაერთიანებისთვის“, – წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებას.
“ტანჯვა უნდა დასრულდეს. ევროკავშირი გააგრძელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და უსაფრთხო მიწოდების მხარდაჭერას. როდესაც დრო დადგება, ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ აღდგენასა და რეკონსტრუქციაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.