“კარასინთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები”

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაფასა.
როგოც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დარღვევაზე.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც. ასევე, განხილვის საგანი იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და ჰუმანიტარული საკითხები.
„შეხვედრის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმატის თემატიკა, ყურადღება გავამახვილე ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აღვნიშნეთ, რომ ადგილი აქვს რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას. ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები და მოვიყვანე კონკრეტული მაგალითები.
ვისაუბრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები. ყურადღება გამახვილდა ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. საუბარი შეეხო ასევე 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შესახებ. ითქვა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს, სავარაუდოდ, აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას“,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.
როგორც ზურა აბაშიძემ აღნიშნა, პრაღაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.
წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები