არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოძებნა გუნდში საკმარისი კონსენსუსი და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

„ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოძებნა გუნდში საკმარისი კონსენსუსი და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” აუცილებლად ბოლომდე მიიყვანთ ამ სამუშაო პროცესს.
„ეს სამუშაო ფორმატი შევქმენით კონკრეტულად ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით, და ამ რეკომენდაციებში შედის ისეთის საკითხები, როგორიცაა – საარჩევნო კამპანიის ორგანიზება, პარტიების დაფინანსება და გამჭვირვალობა, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა, საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების დგომის საკითხი – ყველა ის თემა, 27 რეკომენდაციაა, რომელიც ბოლო თვეებისა და თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად გვესმოდა. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ სამუშაო პროცესს. კერძოდ, საშემოდგომო სესიაზე უკვე ცვლილებებს დავამტკიცებთ საარჩევნო კანონმდებლობაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის შეფასებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი საკმაოდ დაბნეულია და ამიტომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა.
„სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” და უფრო მეტად მისმა განაყოფმა – „ევროპულმა საქართველომ”, საქმიანი პროცესის, სამუშაო ფორმატისა და არგუმენტაციის ნაცვლად, ერთგვარი ფეხების ბაკუნის ტაქტიკა აირჩიეს, რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზულია და ამას საზოგადოება აუცილებლად შეაფასებს. შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ეს ნაწილი საკმაოდ დაბნეულია, ამიტომ არ მიკვირს რომ მათ დღეს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. მათ მოთხოვნები დღეს სრულიად დღეს სრულიად არასწორ კონტექსტსა და არასწორ ფორმატში გაჟღერდა, რადგან იცოდნენ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი კონცენტრირებულია ეუთოს რეკომენდაციების გარშემო, – დღეს მათ თქვეს, რომ პროპორციული არჩევნების საკითხი არის მათთვის პრინციპული და თუ ამაზე პასუხს ვერ მიიღებენ, მაშინ ამ პროცესს ემიჯნებიან”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა დახურული იყო, არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე დეტალი მაინც გაასაჯაროვა.
„ვინაიდან შეხვედრა იყო დახურული, რამდენიმე დეტალს გავასაჯაროებ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეხება, და როგორც ისინი ამბობენ, 300 ათასი ხელმოწერით არის დაინიცირებული, განიხილება პარლამენტში სათანადო პროცედურით და კანონმდებლობის სრული დაცვით – ეს იყო კობახიძის პასუხი. თუმცა მათ გარეთ მაინც გააკეთეს ის კომენტარები, რაც გააკეთეს. ერთ საკითხზე შეიქმნა სამუშაო პროცესი და „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა” მეორე საკითხზე საუბრობენ.

ჩვენს საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და ვის სჯერა დღეს მათი რიტორიკისა და პათეტიკის? ყველას ახსოვს, რომ ეს ბატონები და ქალბატონები წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში. ჰქონდათ უმრავლესობა, ჰქონდათ მკაცრი ვერტიკალი; ყველანი ასრულებდნენ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს, და თუ მათ გული შესტკიოდათ თითქოს ამ პროპორციულ სისტემას ძალიან გულშემატკივრობდნენ, რა ედგათ წინ? რატომ არ შეცვალეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ? პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება რეალურად მიიღო „ქართულმა ოცნებამ” და თანაც მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ისე კი არ გავაკეთეთ, როგორც ისინი აკეთებენ. ხელისუფლებაში როდესაც იყვნენ, ხმა არ ამოუღიათ და ახლა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, როდესაც ოპოზიციაში არიან. მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმას მაინც არ დაუჭირეს მხარი, სადაც ეს საკითხი ჩვენ შეთავაზებული გვქონდა და ისევ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ”, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოვძებნეთ ჩვენს გუნდში საკმარისი კონსენსუსი და ხმები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
რატომ აგებენ არჩევნებს ესეთი დიდი ანგარიშით. იმიტომ, რომ დღემდე რჩებიან იმ ძალად, იმ ტოქსიკურ ძალად, პირდაპირ გეტყვით, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღემდე უჭირთ თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და ეს გამოჩნდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ თავის თავზე, მათ მხოლოდ დემარში შეუძლიათ, მხოლოდ პროცესების დესტრუქცია შეუძლიათ და სხვათა შორის, მერე როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ და რაღაც რეფორმებს ვაკეთებთ, ძალიან კარგად სარგებლობენ და იყენებენ იმ პროგრესს და ცვლილებებს, რაც ქვეყანაში არის”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უხელმძღვანელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები