დავით საგანელიძე: საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ეს არის გზა ორმილიარდნახევრიანი ბაზრისკენ

 

„საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის გზა ორმილიარდნახევრიანი ბაზრისკენ. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ჩვენს ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს და ნებისმიერ ინვესტორს საუკეთესო ბიზნესპლატფორმას პროდუქციის წარმოებისა და საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციისთვის სთავაზობს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგენელიძემ შანსის პროვინციის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ბიზნესდელეგაციამ, ვიზიტის ფარგლებში, საქმიანი შეხვედრა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტსა და ფონდის შვილობილ კომპანიებთან გამართა.
დელეგაციას სიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტი ლუნ სიაოხუა ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სიანის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან. მათ ინტერესთა სფეროს საინვესტიციო პროექტები, ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტი, მაღალტექნოლოგიური წარმოება, სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა წარმოადგენს.
„მისასალმებელია, რომ ჩინელი ბიზნესმენები დიდ ინტერესს გამოხატავენ საქართველოში ინვესტირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების მიმართ. ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლი. აღსანიშნავია, რომ, ამჟამად, ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან ერთად ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საქართველოს ფუნქციას პროექტში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
​სიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტის, ლუნ სიაოხუამის თქმით, საქართველოში მოქნილი საგადასახადო სისტემა ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
„როდესაც საქართველოში შემოდიხარ, სარგებლობ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ – რეგიონისა და ევროპის ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობით, ასევე, იმ ბენეფიტებით, რომლებიც საქართველოს ბიზნესის კეთების კუთხით აქვს და იმ უპირატესობებითაც, რომლებიც ამ ქვეყანას მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან აქვს. თავისუფალი ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმები და მოქნილი საგადასახადო სისტემა ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის“, – განაცხადა ლუნ სიაოხუამ.
შანსის პროვინციის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიების საქმიანობასაც გაეცნო. შეხვედრაზე პრეზენტაციებით „სტარტაპ საქართველოს“, „დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“, „ლიკანი რეზიდენის“ და „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელები წარსდგნენ. შეხვედრის ფარგლებში, „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტების ექსპოზიცია მოეწყო.
შეხვედრის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და სიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
შანსის ბიზნესდელეგაცია საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით იმყოფება. შანსის პროვინციის მოსახლეობა 40 მილიონს შეადგენს, ხოლო მისი ისტორიული დედაქალაქი – სიანი ჩინეთში შანხაისა და პეკინის შემდეგ გლობალური ინვესტიციებისთვის მესამე სტრატეგიულ ქალაქად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები