არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა, შსს განმარტებას აკეთებს

17 წლის არასრულწლოვნის საქმეზე, რომელმაც, შსს-ს მტკიცებით, კრიმინალური პოლიციის მანქანა გაიტაცა და გორის ავტობანზე ავარიაში მოყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს.
„10 ივნისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩაქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, 02:09 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ გატაცებულ ავტომანქანას 2001 წელს დაბადებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ.წ. მართავდა. მასთან ერთად ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

ის, რომ დაკავებული  ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ, მათ შორის ისინი, ვის ავტომანქანასაც კ.წ. შეეჯახა და ამის შემდეგ არასრულწლოვანს გატაცებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ.

კ.წ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და მისი დაკავება მომხდარიდან 12 საათის გასვლის შემდეგ განხორციელდა.
ბრალდებულმა უარი განაცხადა ყველა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე და, შესაბამისად, არ არსებობს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გახმაურებული იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არასრულწლოვნის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა უნდა დაედგინა. კ.წ.-ს ჩაუტარდა მხოლოდ ალკოტესტი, რომელმაც, გარკვეული დროის გასვლის გამო, ალკოჰოლური თრობა ვეღარ დააფიქსირა“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება უწყებამ „კურიერში“ გასული ინფორმაციის შემდეგ გაავრცელა.
„დაუდასტურებელი ვერსიით, როდესაც გორის ავტობანზე ავარია მოხდა, პოლიციის კუთვნილი ავტომობილიდან ერთ-ერთმა გამვლელმა ადამიანი ამოიყვანა, რომელიც საჭესთან იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს“, – აცხადებს „რუსთავი 2“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები