აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. მისი თქმით, ტარიფები დამტკიცებულია და ამ ეტაპზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირებაა, რაც ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა.
მისი თქმით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტების სახით მიეწოდება. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.
„პირველი აგვისტოდან ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის) და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. სამართლებრივი აქტი გამოცემულია, საკრებულოს მიერ ტარიფები უკვე დამტკიცებულია. ახლა ყველაზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირებაა. ამიტომ, ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს მინდა, დავავალო, რომ აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეწოდოს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ამისთვის ჩვენ სპეციალურ ჯიხურებს განვათავსებთ, სადაც ყველას შეეძლება, მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, სპეციალურ ბუკლეტებს დავბეჭდავთ და აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დავურიგებთ.
​ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც კოტე აფხაზის ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, პარკირება უფასო იქნება. უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც, ხოლო შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება.
პირველ აგვისტომდე ფასიანი პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება და საგზაო ნიშნებიც განთავსდება. ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს. რაც შეეხება გადახდის ფორმას – ეს შესაძლებელი იქნება გადახდის აპარატებით; ასევე, ოფიციალური ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით, ამასთანავე, სმარტფონებზე შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია – Tbilisi Parking და აქედანაც გადაიხდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები