კახა კალაძე: საბანკო სექტორი მზადაა, ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალურ პროგრამა დანერგოს, რათა მათ შემოსავალი დაუფიქსირდეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა, ტაქსის მძღოლებმა განაცხადეს, რომ შემოსავალი არსად უფიქსირდებათ და ამის გამო ბანკიდან სესხის აღება უჭირთ.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერიას ჰქონდა კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე საბანკო სექტორთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ ტაქსისტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება.
“ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ძალიან ბევრ შეხვედრას ვმართავთ ტაქსის მძღოლებთან, საინიციატივო ჯგუფთან. ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, რაღაცები დავთმეთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს, ვინც ამ სერვისს ახორციელებს, ხელი შეეწყოს და, მეორე მხრივ, დედაქალაქში ტაქსები იყოს მოწესრიგებული, გამართული და მგზავრები იყვნენ კმაყოფილები. ზოგადად ტაქსი არის ქალაქის სახე, ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება. რასაც ახლა ვახორციელებთ, ეს რეფორმის პირველი ეტაპებია, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და იქნება ხელშეწყობა, რომ ეს სფერო იყოს დალაგებული. შეხვედრაზე, რომელიც შედგა საინიციატივო ჯგუფთან ბოლოს, მათ დასვეს ასეთი პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არის აღრიცხული და ამის გამო მათ უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომობილების გამოყვანა და ა.შ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაციაა საბანკო სექტორთან, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელზეც მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები. ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური პროგრამა იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები