თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ IV მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანებულია მაგისტრალური არტერიის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთები.
„აღნიშნული სამუშაოების გამო, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ლუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დიღომი „7“-ს, „8“-ს და „9“-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, ამერიკის საელჩოს, ჯორჯ ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩებს.
ასევე, კოსტავას ქ. №45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს წყალს შეფერხებით მიიღებს: ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ბაგები, ვაკის ზედა დასახლება, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი. წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეეზღუდებათ: სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს, თემქის III და მუხიანის I, II, III მ/რაიონებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს და „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ბეტონის ქარხანას.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 31 იანვარის დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.