მთაწმინდაზე საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა
თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, ყველა უბანი დროულად გაიხსნა.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის, თქმით 31-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის 19 მაისის არჩევნებისთვის გაიხსნა და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლები ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. 9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: №13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“) და №41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“). ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს, გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებგვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს 07:00 საათიდან მუშაობს. ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.
„არჩევნებს №1 მაჟორიტარულ ოლქში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, 2 საარჩევნო სუბიექტის და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა პრესსპიკერმა.