სამტრედიის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, რომლის დროსაც ბინაში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, “კვირასთვის” დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ბინაში კბილცეცხლაშვილები ცხოვრობდნენ. ასაკოვანი ქალი რამდენიმე წელია, ლოგინს იყო მიჯაჭვული. ამ სახლში ახალგაზრდა გოგოს 2 დეიდა ზრდიდა. გარდაცვლილი ქალი სწორედ გოგონას ერთ-ერთი დეიდაა.

ამავე სახლში, მათ გარდა, კიდევ ერთი ასაკოვანი ქალი, მათივე ნათესავი ცხოვრობდა. არსებობს მოსაზრება, რომ ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა რატომ არ გაახმაურეს ოჯახის წევრებმა მომხდარი ფაქტი, ამ ეტაპზე უცნობია.

მას შემდეგ რაც ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, დღეს, ამავე ბინიდან 3 ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაახლოებით 80 წლის ქალი, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გერმანულ კლინიკაში მოათავსეს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი, შუახნის ქალი ქავთარაძეზე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო, შედარებით ახალგაზრდა, 28 წლის გოგო თემქაზე მდებარე მე-5 საავადმყოფოში.

მეზობლების ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები სწორედ 28 წლის ახალგაზრდა ქალს ჰქონდა, რომელსაც დეიდები ზრდიდნენ.

„საერთოდ, კარჩაკეტილი ოჯახია. არავისთან კონტაქტობდნენ. დიდი ხანია ამ ეზოში ცხოვრობენ, მაგრამ არავის ეკარებოდნენ. ამ გოგოს დეიდები ზრდიდნენ. ეზოში ჩამოჰყავდათ და ხელს არ უშვებდნენ. ისე, მაგ სახლიდან ხმაური და ყვირილი ხშირად გაგვიგია. საერთოდ, ან როგორ ცხოვრობდნენ, ისიც არ ვიცი, „სათნოების სახლში“ დადიოდნენ და იქ იკვებებოდნენ. უკვე 2 დღეა, რაღაც სპეციფიკურ სუნს ვგრძნობდით და 112-ში დავრეკეთ“, – განუცხადა „კვირას“ სამტრედიის ქუჩის ერთ-ერთმა მობინადრემ.

შეგახსნებთ, რომ თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ქალის ცხედარი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები