ცესკო: მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების განხორციელებას. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების დღეს, დილის 07:00 საათიდან, იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი.

„9 ივნისს, დილის 07:00 საათიდან, იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში, ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები, საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს N1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცნობისათვის, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად, აკრედიტაცია გაიარა 45 მედიაორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე ორ საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები