„ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენდირექტორი: ეკონომიკის წინა მინისტრი ინფორმირებული იყო ჩვენი გეგმების შესახებ

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორის კლაუს ლოურსენსის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრიმათი გეგმების შესახებ ინფორმირებული იყო.

კლაუს ლოურენსის თქმით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებისთვის ის 250 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირებას აპირებს:
კლაუს ლოურსენმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის გეგმებზე, აღნიშნული პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა „ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა:

– პროექტის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა გახდა თქვენთვის ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებით დაინტერესების მიზეზი, კონკრეტულად, რა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავთ და გყავთ თუ არა პარტნიორები?

– „ეიპიემ ტერმინალსმა”, რომელიც წარმოადგენს ნავსადგურებისა და ტერმინალების დიდი გლობალური ქსელის ოპერატორს, 2011 წელს შეიძინა ფოთის საზღვაო ნავსადგური და დაინახა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა. უკვე ორ წელზე მეტია, რაც პირადად მე ამ საკითხზე ვმუშაობ და ვახორციელებთ აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტი მოიცავს ისეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განვითარებას და ექსპლუატაციაში გაშვებას, როგორიცაა ნავსადგურის ახალი დამცავი მოლი და 700 მეტრიანი ნავმისადგომი ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური ტვირთებისათვის, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, როგორიცაა გემი-ნავმისადგომი (Ship-To-Shore) ტიპის ამწეები.

ასევე, პროექტის გეგმით გათვალისწინებულია 13.5-14.5 მეტრი სიღრმის ქონა 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომთან და 25 ჰექტარი სპეციალური სივრცის მოწყობა ნაყარი ტვირთების ოპერაციებისთვის – საოპერაციო ტერიტორიისა და დახურული სასაწყობე ინფრასტრუქტურის სახით.

აღნიშნულ პროექტზე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა ინტერესი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანია „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმთან”, რომელთანაც ამჟამად პარტნიორობის პირობებზე მოლაპარაკების პროცესში ვართ.

რაც შეეხება ახალი ნავსადგურის განვითარების პროექტის ბიუჯეტს, ვაპირებთ, 250 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას.

მშენებლობა გაგრძელდება 24-დან 30 თვემდე, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაიწყება სამუშაოები, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ განვსაზღვრავთ.

– ასევე, თუ შეიძლება ვისაუბროთ თქვენი კომპანიის შესახებ, როგორც ვიცი თქვენი კომპანია არაერთ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს, საქართველოში კი 2011 წლიდან ოპერირებთ, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება და რატომ ფოთის საზღვაო ნავსადგური?

– დავაზუსტებ, რომ ჩვენი ჯგუფი საქართველოში 1998 წლიდან საქმიანობს. აღნიშნული ბაზრის საინტერესოობამ და პერსპექტიულობამ, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ზოგადად რეგიონმა აღძრა ინტერესი და საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც კეთილგანწყობით ხვდებოდა ინვესტორებს. რაც შეეხება ფოთის საზღვაო ნავსადგურს, ის მრავალი წელია ფუნქციონირებს, გასულ წელს მისი 160 წლის იუბილეც აღვნიშნეთ. ამ ნავსადგურს აქვს ძალიან კარგი მდებარეობა და მისი თანამშრომლების სრული უმრავლესობა ფოთიდან ან მისი მიმდებარე ზონიდანაა. ქალაქში თავმოყრილია უკვე კარგად განვითარებული, ძლიერი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ტვირთმფლობელებისთვის.

– იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ მშენებლობის ნებართვას და ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება, რა სარგებელს მოუტანს ეს ფოთს და ზოგადად ქვეყანას, ასევე საქართველოს ნავსადგურების მიერ გატარებული კონტეინერების რაოდენობა ამ წლის პირველი 5 თვის განმავლობაში 35% -ით გაიზარდა. რას ფიქრობთ, ამ პირობებში არსებული საპორტო ინფრასტრუქტურა საკმარისია თუ არა?

– ინფრასტრუქტურული პროექტები და განსაკუთრებით, ნავსადგურები ქვეყანას აკავშირებს საერთაშორისო სავაჭრო ქსელთან და ასეა ფოთის შემთხვევაშიც; და ყოველთვის ასე იყო. ადამიანების ყოველდღიურობის ბევრ ასპექტზე აქვს გავლენა ტვირთებს, რომელიც მოძრაობს ნავსადგურის გავლით. შესაბამისად, ახალი ნავმისადგომის აშენებით გაიზრდება ტვირთების გამტარუნარიანობა. ამასთან, ვხედავთ ტვირთბრუნვის ზრდას, განსაკუთრებით, გაზის წარმოებასთან დაკავშირებული ნაყარი ტვირთების მიმართულებით, რაც კარგი შესაძლებლობაა. ტვირთების გადაზიდვით კავკასიის გავლით შეიქმნება ახალი შესაძლებლობები და ეს წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს და ძლიერ დახმარებას ტვირთების მოსაზიდად. ცხადია, ახალი ნავსადგურის მშენებლობა მოგვცემს საშუალებას, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურებები და მთლიანად ლოგისტიკური ჯაჭვი, მისი საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებამდე მიყვანით. ჩვენ ამას ვაკეთებთ აღნიშნული ჯაჭვის ჩვენს ნაწილში და შემდგომში, ვცდილობთ მჭიდროდ ვიმუშაოთ საზღვაო თუ სახმელეთო გადამზიდავ კომპანიებთან და სხვა ლოგისტიკურ მოთამაშეებთან, რათა მივიღოთ შეუფერხებელი, ნაკლებად ბიუროკრატიული და ეფექტური ტვირთების გადაზიდვების პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებით გავლენას ჰპოვებს საქართველოს თოთოეულ მოქალაქეზე – თუნდაც ის მარტივი მაგალითი, რომ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ხელს შეუწყობს პროდუქციის, საკვების, ტანსაცმლის და სხვა საქონლის გაიაფებას, ოპტიმიზირებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების წყალობით.

ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც კარიბჭე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისათვის. გვჯერა, რომ ჩვენს კომპანიას, როგორც მსოფლიო გადაზიდვების ლიდერს, აქვს სათანადო უნარები, გამოცდილება და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით.

რაც შეეხება გაზრდილ ტვირთბრუნვას, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური ვერ გაუმკლავდეს ტვირთნაკადს მოცემულ მომენტში. ჩვენს ნავსადგურში ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა იმდენად, რამდენადაც გასულ წლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აქტიური მუშაობის წყალობით, გვაქვს გაუმჯობესებული ტვირთების გამტარუნარიანობა. როგორც აღვნიშნე, ამ მხრივ პრობლემებს არ ველოდებით ამ მომენტისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ ახლა; ცხადია, უნდა ვიზრუნოთ სამომავლო განვითარებაზე.

– მინდა გკითხოთ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიიღეთ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, თუმცა, შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ბრძანება გააუქმა, მისი გამცემი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ეს ბრძანება არ იყო მშენებლობის ნებართვა, არამედ ის მხოლოდ მიწის სარგებლობის პირობებს ადგენდა. რას იტყოდით აღნიშნულთან დაკავშირებით?

– ძალიან გამიჭირდება აღნიშნული საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან არაფერი ვიცი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მეტი. მეც პირველად მედიიდან შევიტყვე ყველაფერი. ჯერჯერობით დრო და შესაძლებლობა არ გვქონია ამ გადაწყვეტილების საფუძველი გაგვეანალიზებინა. მოვითხოვეთ, თუმცა ჯერ არ მიგვიღია, ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები, რომლებზეც კეთდება მითითება. ჩემთვის, მნიშვნელოვანია ყველაფერი სწორად და სათანადოდ გაკეთდეს და ჩვენი მხრივ, ვმოქმედებდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით. გასულ წელს, ჩვენი გეგმების შესახებ ყველა ტექნიკური დეტალის მითითებით, კანონმდებლობის დაცვით, ოფიციალური განაცხადის წარდგენით დავიწყეთ ნებართვის მისაღები რამდენიმე საფეხურიანი პროცესი და ამა წლის 2 მაისს გამოიცა ცნობილი ბრძანება; ესაა ფაქტი.

– რომ გვითხრათ, ახალი პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით გქონდათ თუ არა რომელიმე მოქმედ ან ყოფილ მინისტრთან მოლაპარაკებები, იცოდნენ მათ თქვენი გეგმების შესახებ?

– დიახ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით დიალოგისთვის და აუცილებლობად მიგვაჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი და ქვეყანა ყოფილიყო საქმის კურსში, თუ რას ვაკეთებთ. ცხადია, ჩვენ არ ვაპირებდით ნავსადგურის სადღაციდან „შემოპარებას”, რომ უცებ, ერთ დღეში გაჩენილიყო ამხელა ინფრასტრუქტურა. დიახ, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რამდენიმე მინისტრთან და ხშირი შეხვედრები რამდენიმე სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

– თუ ასეა, რატომ კეთდება ახლა განცხადებები რომ ეს ახალი ინფორმაციაა და ამაზე მოქმედი მინისტრებიდან არავინ არაფერი იცოდა?

– ვფიქრობ, ამ საკითხს ასე უნდა შევხედოთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი რამდენიმე კვირაა რაც ამ თანამდებობაზეა. ამასთან, 29 მაისს მინისტრის მიერ მიწვეული ვიყავი გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე და ბუნებრივია, რომ ყველა ახალ მინისტრს დრო დასჭირდება მიმდინარე საკითხებში გასარკვევად, მაგრამ სამინისტროს და მთავრობას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ინფორმაცია ჩვენი გეგმების შესახებ.

– უკვე მიიღეთ თუ არა ოფიციალური დოკუმენტი ბრძანების გაუქმების შესახებ და აპირებთ თუ არა სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას?

– როგორც ვნახეთ, ბრძანების გაუქმების შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნდა 30 მაისს, ჩვენ კი ოფიციალური წერილი მომდევნო ორშაბათს მივიღეთ. ამის შემდეგ, საპასუხო წერილით მივმართეთ უწყებას, რათა მოგვაწოდონ საფუძველი და სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელზეც მათ წერილში კეთდება მითითება. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცნობდეთ მეტ დეტალებს. ამასთან, თუ იყო რაიმე სახის ხარვეზი, გვქონდა მოლოდინი, რომ სამინისტრო, როგორც დაინტერესებულ მხარეს, მოგვმართავდა მის გამოსასწორებლად. ჩვენში, გარკვეულწილად, გაუგებრობის შეგრძნება გააჩინა იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულის შესახებ მედია საშუალებებით გავიგეთ. ამის მიუხედავად, ჩვენი განზრახვაა, შეძლებისდაგვარად სწრაფად, მოვახდინოთ სამინისტროსთან თანამშრომლობა, რათა მოგვარდეს მათ შიდა პროცედურებში წარმოქმნილი შეფერხებები, რაც საშუალებას მოგვცემს პროცესები სწორად და სათანადოდ წარვმართოთ და წავიწიოთ წინ.

– ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრძანებაში მითითებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის საკადასტრო კოდები და თქვენი კომპანია პორტის მშენებლობას სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აპირებდა, ამასთან ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. რამდენად სწორია ასეთი ფორმულირება?

– უნდა ითქვას, რომ მდინარე რიონს მუდმივად ჩამოაქვს ნაშალი მასალა. დაახლოებით, 159,000 კვადრატული მეტრი ახალი ტერიტორია წარმოიქმნა 2011 წლიდან დღემდე, რომელიც ცხადია უნდა დარეგისტრირებულიყო ქვეყნის ნაწილად. შესაბამისად, “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” უზრუნველყო აღნიშნული მიწების დარეგისტრირება და კანონით დადგენილი წესით, მათ მიენიჭა საკადასტრო კოდები აპრილის ბოლოსთვის, რითაც შეიქმნა 2 მაისის ბრძანების გასაცემის წინაპირობა. შესაბამისად, ვერ ვხედავ, რომ ამ საკითხზე რაიმეს გასაიდუმლოებას ჰქონდა ადგილი.

– რამდენი ხანია, რაც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობით ხართ დაინტერესებული და რა არის ამ მიმართულებით მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი თქვენთვის?

– საუბარი არ არის დაბრკოლებებზე. ნავსადგურის ან ნებისმიერი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელზეც მილიონები იხარჯება ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. საყურადღებოა, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური საკითხები, ასევე ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკოლოგია და ჩვენთვის, თავად ქალაქი ფოთი. გამიმართლა, რომ ვმუშაობ საერთაშორისო ჯგუფში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებს პორტებს. ბოლო 3-4 წელიწადში უკვე 4 პორტი ავაშენეთ და ჯგუფში გაქვს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ადამიანური რესურსი, რომელსაც შეუძლია დახმარება გაგვიწიოს. დაბრკოლებებზე არ ვსაუბრობთ, ეს განგრძობითი, პროგრესირებადი პროცესია. ორი რამ, რასაც ველოდებით; გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენა, ვიცავთ რა ჩვენს კორპორაციულ პრინციპებსა და განსაკუთრებულ პატივს ვცემთ საქართველოს კანონმდებლობას და ვმოქმედებთ მასთან შესაბამისად. ასევე, როდესაც გვექნება შესაბამისი ნებართვა, ჩავატარებთ გარემოზე ზემოქმედების კვლევას, რომელიც ერთხელ უკვე გაკეთდა, თუმცა, ხელახლაა ჩასატარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმთან” გრძელვადიან კონტრაქტზე, მიდის აქტიური მოლაპარაკებები კომერციულ პირობებზე, სტანდარტებზე, უსაფრთხოებასა და სხვა კომპლექსურ საკითხებზე. როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება გვექნება, ამ მრავალსაფეხურიანი პროცესის მორიგ ეტაპზე გადავალთ და ასე შემდეგ.

– რაც შეეხება ანაკლიის პორტს, თუ ანაკლიის პორტი იქამდე აშენდება, ვიდრე თქვენ მშენებლობის ნებართვას მიიღებთ, პრობლემა იქნება თუ არა ეს თქვენთვის? ზოგადად, რას ფიქრობთ ამ მხრივ კონკურენციაზე, სჭირდება საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი?

– ვფიქრობ უაღრესად მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არარსებობის პირობებში, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ფიქრობს ინვესტირებაზე უჩნდება ეჭვი, რამდენად ღირს კონკრეტულ ადგილას ინვესტიციის განხორციელება. ყველა, განსაკუთრებით კი უცხოელი ინვესტორი, დაფიქრდება, რატომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ბიზნესმენები იღებენ განსხვავებულ და უკეთეს პირობებს, მაშინ, როცა შესაძლებელია ამ ინვესტიციის რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩადება. ასე რომ, მნიშვნელოვანი დეტალია არა მხოლოდ ის, პირველი ვინ ააშენებს ნავსადგურს, არამედ ერთ-ერთი მხარისთვის დაბრკოლება შექმნა და მეორე მხარის მხარდაჭერის გაწევა. ეს ორი რამ უაღრესად მნიშვნელოვანია. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა და კონკურენციის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების და სხვა ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია და როგორც მესმის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ინტერესებში შედის.

ჩემი აზრით, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება. ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს.

– და საბოლოოდ, როგორია თქვენი მოლოდინები აღნიშნულ პროცესთან მიმართებაში?

– მაქვს მოლოდინი საქართველოს მთავრობისგან, რომ იქნება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენტული პირობები. ასევე, ვფიქრობ, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ნებართვის მიღების პროცესზე. ჩემი მოლოდინია, რომ არავინ ჩადგება განსაკუთრებულ პირობებში; ჩვენ არ ვითხოვთ პრეფერენცირებულ მიდგომას, უბრალოდ, გვსურს თანაბარ პირობებში ყოფნა.

რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ბოლო დროს მედიაში ძალიან პოლიტიზირებული იყო, რაშიც ჩვენ არ ვერევით, მაგრამ, ამავდროულად მოვისმინეთ ბევრი არაზუსტი განცხადება და ფაქტები. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, გვყავს პარტნიორები, რომლებიც სერიოზულად განიხილავენ ამ პროექტს, აქტიურად მუშაობენ და გასწევენ ხარჯებს. ჩვენ ამასთან, ყოველთვის ღია ვართ კომუნიკაციისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. აღნიშნული პროექტი, ეჭვგარეშეა, ტექნიკურად განხორციელებადია და ასევე, ტვირთბრუნვის კუთხით გვაქვს რა დადებითი ძვრები ადრინდელ ვითარებასთან შედარებით, შესაფერისი დროა ნავსადგურის ასაშენებლად. და ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს არსებობა.

წყარო: 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები