დავით სიხარულიძე: მუხროვანში 2009 წელს მკვეთრად გამოხატული ამბოხი იყო
მუხროვანში 2009 წელს იყო მკვეთრად გამოხატული ამბოხი, – ამის შესახებ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა. სიხარულიძის განცხადებით, ბაზაზე შესვლა შეუძლებელი იყო, გარე პერიმეტრს კი ნიღბიანები მძიმე ტექნიკით იცავდნენ.
“გარე პერიმეტრს და შესასვლელს ნიღბიანები იცავდნენ, გამოყვანილი იყო მძიმე ტექნიკა, არ შეუშვეს არავინ, არც მე და არც სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ეს იყო მკაფიოდ გამოხატული ამბოხი. სოციალური მოთხოვნები იმ პერიოდში მე არ მახსოვს, წამოყენებული იყო გაუგებარი და მიუღებელი მოთხოვნები და ამოცანა იყო ერთი და მარტივი – არ მომხდარიყო ამ კრიზისის გაღრმავება”, – განაცხადა სიხარულიძემ ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სიხარულიძის თქმით, ამ თემაზე კომენტარი უფრო კომპეტენტურმა პირებმა უნდა გააკეთონ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.