„ასე მგონია, ჩემი შვილის გადასარჩენად ვიბრძვი“… – სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც რისკს თავს არ არიდებს

ექიმის პროფესიის არჩევა მამის უეცარმა გარდაცვალებამ უფრო განაპირობა.  ჯერ სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ კი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა.
ტექნიკუმში სწავლის დროს პარალელურად   სასწრაფო დახმარების ცენტრალურ სადგურში, ბრიგადაში ექთნად მუშაობდა.ინსტიტუტის შემდეგ კი
სასწრაფო დახმარების ცენტრალურ სადგურს უკვე ექიმად დაუბრუნდა, რადგან ძალიან მოწონდა სასწრაფო დახმარების მუშაობა, ის ექსტრემი, რასაც ექიმები აწყდებიან.
ამას წინათ, მორიგეობის დროს, ახალგაზრდა ბიჭ, რომელსაც დენის და  ელექტროტრამვის გამო გული გაჩერებული ჰქონდა,  მისმა ბრიგადამ გადაარჩინა, მაშინ მან, როგორც უფროსმა ექიმმა, მრავალი მადლობა მიიღო. პაციენტის ახლობლები დღესაც  დიდი მადლიერებით და სიყვარულით ახსენებენ მას. – სასწრაფო დახმარების ექიმის, ნინო ჯალაბაძის პერსონა.

– დავიბადე  ჩვეულებრივ ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მამა მუშაობდა ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, პროფესიით  ეკონომისტი იყო. დედა-დიასახლისი. მყავს ჩემზე უმცროსი და. გვქონდა ლაღი და უპრობლემო ბავშვობა… ეკონომიურად არ გვიჭირდა. გვქონდა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდით, მთავარი იყო,  კარგად გვესწავლა.
 როდის გადაწყვიტეთ, რომ ექიმი გახდებოდით?

– სკოლაში ხუთოსანი ვიყავი. მიყვარდა სწავლა, არ მიყვარდა სკოლის გაცდენა… მხოლოდ ერთხელ გავაცდინე სკოლა ერთი კვირით, როცა პაპა გარდამეცვალა. 8 კლასის შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო ტექნიკუმში, რომელიც დავამთავრე წითელ დიპლომზე. მინდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, მინდოდა, შემესწავლა მედიცინა. ჩემი პროფესიის არჩევა უფრო განაპირობა მამაჩემის უეცარმა გარდაცვალებამ 49 წლის ასაკში.
სტუდენტობა…

სასწრაფო დახმარების 0413 ბრიგადა – მძღოლი  ჯიმშერ ამირანაშვილი, უმცროსი ექიმი  თამარ რუხაძე, უფროსი ექიმი  ნინო ჯალაბაძე.

– რადგან სამედიცინო ტექნიკუმის წითელი დიპლომი მქონდა, ინსტიტუტში ერთი მაპროფილებელი საგანი ხუთიანზე უნდა ჩამებარებინა და იმ შემთხვევაში მოვეწყობოდი, მაგრამ ორი წელი ვაბარე…  ვღებულობდი ოთხიანს და მეტს აღარ ვაგრძელებდი. ამ დროს თან ვმუშაობდი სასწრაფო დახმარების ცენტრალურ სადგურში, ბრიგადაში ექთნად.
ბოლოს გადავწყვიტე, წავსულიყავი რუსეთში სწავლის გასაგრძელებლად და, მართლაც,  მეორე მცდელობაზე არხანგელსკის სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. შემდეგ გადმოვიტანე საბუთები თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც  ძალიან კარგად დავამთავრე. დიპლომში 2 ოთხიანი მქონდა, დანარჩენი – ხუთები.
სასწრაფო დახმარების ექიმი ხართ, რაც ასე თუ ისე რისკს უკავშირდებაპირველად დახმარებაზე ბევრადაა დამოკიდებული პაციენტის შემდგომი ბედი
– ექიმის დიპლომის აღების შემდეგ დავუბრუნდი სასწრაფო დახმარების ცენტრალურ სადგურს უკვე ექიმად, რადგან ძალიან მომწონდა სასწრაფო დახმარების მუშაობა, ის ექსტრემი, რასაც ჩვენ ვაწყდებით მორიგეობის დროს. რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულოა ჩვენი მუშაობა, რადგან მიდიხარ გამოძახებაზე და არ იცი, რა დაგხვდება. ექიმისთვის ყველაზე დიდი სიხარული გადარჩენილი სიცოცხლეა.
თქვენ მორიგეობდით, როდესაც დენდარტყმულ პაციენტს რამდენჯერმე გაუჩერდა გულიროგორ გაიხსენებთ იმ დღეს?
– ის დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენთვის, რადგან ახალგაზრდა ბიჭს,რომელსაც გული გაჩერებული ჰქონდა დენის და ელექტროტრამვის გამო, ავუმუშავეთ  და დავუბრუნეთ სიცოცხლე. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს გადაუდებელი დახმარების დროს. ხუთი წუთითაც რომ დაგვიანებულიყო დახმარება, შეიძლება ვეღარ გვეშველა.
 ალბათ კიდევ გექნებოდათ მსგავსი შემთხვევები

– გულის უეცარი გაჩერების შემთხვევები ძალიან გახშირდა… სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ხშირად აქვთ წარმატებული რეანიმაცია, მაგრამ არის ლეტალური შედეგებიც.
– სულ ახლახან, მორიგეობის დროსაც,  გქონდათ გულის გაჩერების შემთხვევა…
– დიახ, წინა მორიგეობაზეც გვქონდა წარმატებული რეანიმაცია. გამოძახების მოტივი იყო ორჯერ გონების დაკარგვის ეპიზოდი. ჩვენი მისვლისას პაციენტი  გონზე იყო, ჩივილები აღარ ჰქონდა, მდგომარეობა იყო სტაბილური, აღენიშნებოდა სინუსური ბრადიკარდია…  უეცრად გადავარდა, დაკარგა გონება, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია, ე.ი.გულის გაჩერება. სწრაფად გაწეული დახმარების შედეგად გული ამუშავდა, პაციენტი გონზე მოვიდა და გადავიყვანეთ სტაციონარში.
ბოლო დროს ექიმებს არცთუ დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ და მაინც, რატომ შეილახა ექიმის სახელი?

ბრიგადა 0411 – უმცროსი ექიმი ია გაბოძე, უფროსი ექიმი ნინო ჯალაბაძე, მძღოლი ხვიჩა რევაზიშვილი.

– ვერ გეტყვით. არცერთ ექიმს არ უნდა, რომ ავადმყოფის მკურნალობა ცუდად დამთავრდეს.
მოგვიყევით თქვენი მორიგეობის ერთ დღეზეთუ მდგახართ რისკის წინაშე?
– მორიგეობაზე ვასრულებთ დაახლოებით 24-28 გამოძახებას. არ იცი, რა დაგხვდება. უფრო არის არამიზნობრივი გამოძახებები, რაც ხელს უშლის ურგენტულ სიტუაციებში სწრაფ რეაგირებას, რადგან კავდება ბრიგადა, მაგრამ არის ისეთი გამოძახებებიც, როდესაც  უნდა გარისკო ავადმყოფის გადასარჩენად. მქონდა შემთხვევა, როცა ხევში ჩავედით დაშავებულების დასახმარებლად. მანქანა ხრამში იყო  გადავარდნილი.
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ექიმი?
– ექიმი უნდა იყოს  საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი… უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ავადმყოფი.
 ჰობი?
– განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს.. მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, საჭმელების კეთება, როცა სახლში ვარ… რაც იშვიათად ხდება.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ, რომ შეგეძლოთ?
– ალბათ არაფერს.
 თქვენგან ვიცი, რომ სასწრაფოზე სხვა მრავალი პროფესიონალი ექიმი მუშაობსვის გამოყოფდით, რას იტყოდით სხვა კოლეგებზე
– სასწრაფოს ექიმები ნამდვილი გმირები არიან. ყველა თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს.
– ოჯახი…
– ჩემი ოჯახი შედგება ექვსი სულისგან, მაგრამ შეიძლებოდა  უფრო მეტნი ვყოფილიყავით, ღმერთს რომ არ დავეჩაგრე.
გავთხოვდი 16 წლის, დავქვრივდი 33-ის.  ორი ბიჭი მარტომ დიდი წვალებით გავზარდე და იმ ავბედით დღეს, 2009 წლის თბილისობაზე, ჩემი მორიგეობის დროს, ჩემი უმცროსი შვილი, მე- 2 კურსის სტუდენტი, ავარიით დამეღუპა. მას ვერ ვუშველე. ამის შემდეგ, მორიგეობის დროს, პირველი გავრბივარ ავარიის დროს. ასე მგონია, ჩემი შვილის გადასარჩენად ვიბრძვი…
– ჯილდოები…
– ვარ 2008 წლის ომის მონაწილე,  დამაჯილდოვეს, როგორც ყველა ჩვენი ექიმი და მიღებული მაქვს მადლობები.
– სამომავლო გეგმები…
– განსაკუთრებული სამომავლო გეგმები არ მაქვს. მინდა ვიყო ჯანმრთელად, რომ გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები