ვახტანგ ხმალაძე: ლიკვიდაციის ბრძანება ყველა შემთხვევაში უკანონოა
მუხროვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ შეაფასა. როგორც ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ამბობს იმას, რომ შესაძლებელია და კანონიერია ბრძანება პირის ლიკვიდაციის შესახებ. “საქართველოს კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ამბობს იმას, რომ შესაძლებელია და კანონიერია ბრძანება პირის ლიკვიდაციის შესახებ. კანონი ამბობს იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და თუ ამ გამოყენებას მოჰყვა მსხვერპლი, რა შემთხვევაში არ ჩაეთვლება ეს დანაშაულად მას, ვინც იარაღის გამოყენებით მას მოუსპო სიცოცხლე. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს სხვა ადამიანის სიცოცხლეს და იმ ადმიანის დასაცავად აუცილებელი გახდა იარაღის გამოყენება. თუ ამ შემთხვევაში ამას მოჰყვა პირის დაღუპვა, ეს არ ჩაეთვლება დანაშაულად. ანუ უნდა არსებობდეს ისეთი პირობები, რომ იარაღის გამოყენების გარეშე დანაშაულის ჩადენას ვერ აღკვეთ, მაგრამ ბრძანება ლიკვიდაციისა ყველა შემთხვევაში უკანონოა. სამართლის დანიშნულება არის არა შურისძიება, არამედ პროპორციულად დასჯა. საქართველოს კანონმდებლობით კი სიკვდილით ადამიანის დასჯა გაუქმებულია, შესაბამისად ლიკვიდაციის ბრძანებაც უკანონოა. სამართალდამცველების მიზანი უნდა იყოს პირის დაკავება და არა მისი ლიკვიდაცია”, – განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.