შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.
როგორც “კვირას” ცესკო-დან აცნობეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) ჩატარებული 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება მიიღო. მეორე ტურში მონაწილეობას №13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და №41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო”) მიიღებენ. მათ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა სულ 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო, შალვა შავგულიძემ 5 422 ხმა (36.84%), ხოლო ვლადიმერ კახაძემ – 6 036 ხმა (41.01%). როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-მ დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, ბიულეტენის ტექსტი, ასევე, დაადგინა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი.
„მეორე ტურის ჩასატარებლად განსაზღვრულია 402,673 ლარი; აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ცესკო-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში გაწეული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა აღნიშნული თანხის მეორე ტურისთვის გადანაწილება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
დღეს გამართულ სხდომაზე ცესკო-მ, ასევე, მიიღო ინფორმაცია საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საკრებულოს წევრად არჩეული პირების შესახებ. 2019 წლის საკრებულოების შუალედური არჩევნები 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეჯამდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები