სალომე ზურაბიშვილი: საზღვრების გარეშე, ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული

“ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე, ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“აუცილებელია, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა. მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში, მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები.

დამოუკიდებლობა დგას თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ანუ განათლებაზე. დამოუკიდებლობა ასევე მოითხოვს სიღარიბის დაძლევას. დამოუკიდებლობა დგას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე – ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას. დამოუკიდებლობა დგას ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გამყარებაზე. დამოუკიდებლობა დგას აქ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე. საზოგადოების შერიგებაზე, რამეთუ მტერს მხოლოდ ერთად დგომით თუ ვაჯობებთ.

ამ დამოუკიდებლობის დამცველები ხართ თქვენ – აქ შეკრებილი საზოგადოება და თქვენ – აქ და ყველა რეგიონში მდგომი ჯარისკაცები, რომლებიც იცავთ სუვერენული საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობის უსაფრთხოებას. თქვენ იცავთ ამ ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიასა და სტაბილურობას, სამშვიდობო მისიებში კი თქვენ იცავთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

ამ დამსახურებისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობას გიძღვნით მე და მთელი საზოგადოება, მთელი ერი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონია ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში გაიმართა და ჯამში, დღეს ფიცი 463 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო .

ცერემონიაში, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები