„დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახორციელებდა, თუმცა ამის მიუხედავად, აღნიშნული სამუშაოები ამ დროისათვის შეწყვეტილია“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე განმარტებით, ბაქოში გამართულ კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ საექსპერტო ჯგუფები ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეისწავლიან.
“23-24 მაისს გაიმართა კომისიის შეხვედრები ბაქოში. ორივე მხრიდან წარმოდგენილია რამდენიმე უწყება, რომელიც უშუალოდ არის საზღვრის საკითხებში ჩართული. კომისია რამდენიმე წელია, არ შეკრებილა. 2 კვირის წინ, საქართველოს მხრიდან კომისია განახლდა. განხილული იყო ყველა სადავო მონაკვეთი. დაახლოებით, 2/3 შეთანხმებულია, დარჩენილია გადაწყვეტილების მიღება – 1/3 -ზე. აქ საუბარია დაახლოებით 14-მდე მონაკვეთზე, მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაც. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება, არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა, 1 თვის განმავლობაში მოხდეს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისივე ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე მონაკვეთთან დაკავშირებითაც გაიმართა მსჯელობა.
„მოგეხსენებათ, სასაზღვრო ზოლზე კონტროლი ხორციელდება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქედს მიღმა გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია მოვითხოვეთ ამასთან დაკავშირებით. დავაყენეთ საკითხი, რომ დელიმიტაციის ამოცანებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც შექმნის აღქმას, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო. ის სამუშაოები წარმოებს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე”,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.