სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მუშებს შეხვდა

0

საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მუშებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს.
„ჩვენ კომპანიასთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. ამ საკითხს პირველად არ გავეცანით. ადამიანის უფლებათა წლევანდელ და წინა წლების ანგარიშებშიც ვსაუბრობთ ჭიათურაში ძალიან მძიმე ეკოლოგიურ და შრომით პირობებზე. დღეს მე პირადად ჩამოვედი, რომ გაფიცულებს შევხვედროდი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მანდატი სრულად არ გაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საუბარია, თუმცა, არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი ყურადღებას მიაქცევს. პირველ ყოვლისა, ეს ეხება შრომით პირობებს. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათებისა და სამუშაო რეჟიმის სამართლიანობასა და კანონიერებას. დღეს რაც მოვისმინე – 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი 2 კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილია მაქსიმუმ სამუშაო საათებად; მით უმეტეს, რომ მათ უწევთ მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაო პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით. მოვისმინე, რომ კვებითი უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია. ეს საკითხიც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ჭიათურაში ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მძიმე ვითარებაა.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე გამოითხოვა ინფორმაციები და, ასევე, ისინი შეისწავლიან, რამდენად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს გარემოსთან მიმართებით.
„ეკოლოგიური თვალსაზრისით არის ნამდვილად მძიმე ვითარება. კომპანიას აქვს რამდენიმე მილიონის ჯარიმა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის დაკისრებული, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს ჯარიმები არ ყოფილა გადახდილი. თითქოს, არსებობს სპეციალური გეგმა გარემოზე ზემოქმედების აღმოსაფხვრელად, თუმცა, არ ვიცით, რამდენად ხდება რეალურად ნაბიჯების გადადგმა კომპანიის მხრიდან. ეს ნამდვილად არის ჩემი პრიორიტეტი.
თუ ექნებათ გაფიცულებს სურვილი, მე თავად, ასევე, ჩემი წარმომადგენლები მზად ვართ, ჩავერთოთ ამ საკითხებში, გავუწიოთ ზედამხედველობა იმ კომუნიკაციას, რაც შეიძლება, ჰქონდეთ გაფიცულებს კომპანიის მიმართ. თუმცა, ეს არის გაფიცულების გადასაწყვეტი, გაფიცვის როგორ ფორმას აირჩევენ. ასევე, ვეცდებით, რომ გაფიცვის დროს არ დაირღვეს მათი, როგორც გაფიცულების უფლება. ასევე, როგორც გაფიცულები ამბობენ, თითქოს, კომპანია უარს ამბობს მათი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე – ამ საკითხსაც შევისწავლით და გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და, თუ შეხვედრის აუცილებლობა იქნება, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.
ცნობისათვის, ჭიათურაში მაღაროელები რამდენიმე დღეა, გაფიცულები არიან. პარალელურად, მაღაროელთა ნაწილი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი