“უკვე პიჯაკიანი აქტივისტი ვარ”,- ალეკო ელისაშვილმა ზუგდიდში სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის რეგიონული ოფისი გაიხსნა, სადაც, ამ ეტაპზე, ორი ზუგდიდელი – ნიკა ლაშხია და როსტომ ზარანდია იმუშავებენ. ელისაშვილის თქმით, მან ზუსტად ზუგდიდში არსებული პრობლემების შესახებ არ იცის, თუმცა მოქმედებასა და ინფორმაციას ადგილობრივი წარმომადგენლებისგან ელოდება.
„დიდი პატივია, რომ აქაც ვიქნებით წარმოდგენილნი. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ კონკრეტული ადამიანების პრობლემებზე ჩვენ თავად და არ დაველოდოთ სხვას. ნუ ველოდებით, რომ ვინმე ბაზალეთის ტბიდან ადგება, ან თეთრი ბედაურით მოვა და მოგვხედავ. ჩვენ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვიზრუნოთ განვითარებაზე. ერთ რამეზე ვართ შეთანხმებულები რეგიონულ წარმომადგენლებთან – ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა პრობლემებია ზუგდიდში, ეს თვითონ მათ იციან. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ მაქსიმალური დეცენტრალიზება მოხდეს ჩვენს რეგიონულ და ცენტრალურ ოფისებს შორის. არ გვინდა, რომ თბილისიდან ვუკარნახოთ, რა თემებს მიაქციონ ყურადღება და რა თემებზე იმუშაონ, რადგან ზერელე წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. არაგულწრფელი ვიქნები და მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცით, რა პრობლემებია ზუგდიდში. გვსურს, რაც შეიძლება მეტი მოხალისე გვყავდეს, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია და სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
მოძრაობის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ, ჯერჯერობით, წინასწარ არ იცის, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა ამბობს, რომ მეტად აქტიური იქნება.
„უკვე პიჯაკიანი სამოქალაქო აქტივისტი ვარ. გავაორმაგებ, რაციონალურად მოვარგებ ჩემს რესურსებს მოქმედებებსა და პრიორიტეტბს. წინასწარ არ ვიცი, მაგრამ მოქმედებაში ვიქნები უფრო ცოცხლად და ეფექტურად. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, მოქალაქეების გამოფხიზლება და ჩართულობის ამაღლება“, – განაცხადა ზარანდიამ.
სამოქალაქო მოძრაობა ზუგდიდში გაფართოებას გეგმავს. მათ რეგიონული ოფისები თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიც აქვთ.