ვახტანგ ბერიძე: ხულოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება
ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. ახლადარჩეული მერი, ვახტანგ ბერიძე “კვირასთან” აღნიშნავს, რომ, ამ დროის მონაცემებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 5 მილიონ ნახევარი თანხა იხარჯება, თუმცა ბიუჯეტის კორექტირების დროს შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან ვახტანგ ბერიძე ძირითად პრიორიტეტად სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზისა და საყრდენი კედლის მოწყობას ასახელებს. ბერიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ ხულოში ყოფითი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებაც.
“მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალი, რომელზეც ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა. სოფელ წაბლანაში 300 ათასზე მეტი იხარჯება წყალზე, ასევე, სოფელ სკვანაში გვაქვს წყლის რეაბილიტაცია, სოფელ ყინჩაურშიც მოგვარდება წყლის პრობლემა, სადაც 100 ათასზე მეტი იხარჯება, სამუშაოები მალე დაიწყება. სოფელ ქურდულის მიმართულებით მოგვარდება წყლის პრობლემა პროექტი შესყიდული გვაქვს და ვცდილობთ, თანხების მოძიების შემთხვევაში წელსვე დავიწყოთ. ვცდილობთ, მუნიციპალიტეტში 200-მდე ოჯახი უზრუნველყოფილიყოს სასმელი წყლით. სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ ხულოს წყლით უზრუნველყოფის პროგრამას და, საბოლოოდ, აუცილებლად მოგვარდება მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემა. მიმდინარე წელს წყლის პრობლემის მოგვარებისვის ნახევარმილიონამდე თანხა დაიხარჯება; ასევე, გზებთან მიმართებით დაწყებული გვაქვს შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, უკვე მიმდინარეობს ბეტონის შეტანა სოფლებში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება და წელს ვერ დასრულდება, სამომავლოდ ეს პროექტიც აუცილებლად დასრულდება. გზების მოწყობის მიმართულებითაც ნახევარი მილიონი თანხაა გათვალისწინებული. ასევე, გვაქვს ფერდსამაგრი სამუშაოები, ესეც მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან თუ ისეთ ადგილზე, სადაც საჭიროებს მსგავსი სამუშაოების ჩატარებას, არ ჩატარდა, სხვა ინფრასტრუქტურის განხორციელებას შედეგი არ ექნება. მიმდინარე წელს ფერდსამაგრი სამუშაოები 25 ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ღორჯომის თემში ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო და გრძელდება წელსაც. აქ წლების განმავლობაში იყო პრობლემა, სოფელში მეწყრული პროცესები ყოველწლიურად იქმნებოდა, ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის, ამიტომ საყრდენ კედელს ამ პროცესების შეჩერება შეუძლია და აუცილებლად დასრულდება პროექტი ბოლომდე, რადგან იმ ხეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ვახორციელებთ – ეს არის რამდენიმე სოფელში სპორტული მოედნის მოწყობა და ადმინისტრაციული შენობის გაკეთება“, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
შეგახსენებთ, 19 მაისს ხულოს მოსახლეობამ რიგგარეშე არჩევნებში მუნიციპალიტეტის მერი აირჩია. “ქართული ოცნების” კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს ადგილობრივების 70.9 პროცენტმა დაუჭირა მხარი.