26 მაისს ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოზურგეთში არაერთ აქტივობას გაიმართავს. ღონისძიებები კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობა იქნება.
„ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ჩატარდება.
საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“,- აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება.
„14:00 საათიდან 19:00 საათამდე ღონისძიების სტუმრების განწყობაზე არაერთი ანსამბლი და მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს. 17:10 საათზე, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ანსამბლი „ერისიონი“ შეასრულებს“,- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.