ანრი ოხანაშვილი: გერმანიის ელჩი პერსონალურად ძალიან ბევრი მიმართულებით მხარს უჭერს ჩვენს კომიტეტსა და, ზოგადად, პარლამენტს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – ჰუბერტ ქნირშსა და გერმანიის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს – იან ბიტნერს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს კომიტეტის პრიორიტეტები და მიმდინარე აქტუალური საკითხები გააცნო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართ. როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და პირადად ელჩთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
„გერმანიის საელჩო და გერმანიის ელჩი პერსონალურად ძალიან ბევრი მიმართულებით მხარს უჭერს ჩვენს კომიტეტსა და, ზოგადად, პარლამენტს. დღეს გერმანიის ელჩთან ვისაუბრეთ იმ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლებიც ჩვენ გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმით და ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები