სამშვილდეს იტალიელი არქიტექტორები და რესტავრატორები ესტუმრნენ

კავკასიის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქს – სამშვილდეს, იტალიელი არქიტექტორები და რესტავრატორები ესტუმრნენ და გაეცნენ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს. ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაცია Yococu-ს (ახალგაზრდები კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისათვის) პრეზიდენტმა ანდრია მაკიამ, ორგანიზაციის წამყვანმა სპეციალისტმა, რესტავრატორმა ლაურა რივალოლმა, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის კონსულტანტმა, არქეოლოგმა ალვარო იეგუერასმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით ბერიკაშვილმა საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალგაზრდა მეცნიერებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების საექსპოზიციოდ მომზადების პრაქტიკული მეცადინეობის კურსები ჩაუტარეს. სტუდენტებს და უცხოელ არქიტექტორ-რესტავრატორებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია შეხვდნენ და მოისმინეს ინფორმაცია არქეოლოგიურ კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებზე.

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორის და არქეოლოგის დავით ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით 7 წელია მუშაობს სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიურ, პალინოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და სხვა ინტერდისციპლინურ კვლევებზე. ძეგლის მრავალსაუკუნოვანი წარსულიდან გამომდინარე, კვლევებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მეთოდები და ისტორიული წყაროები.

ექსპედიციაში ჩართულნი არიან საქართველოს უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარი-მეცნიერები. ასევე, ევროპისა და კანადის წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები