“90-მდე მსხვილი პროექტის განხორციელება იგეგმება”,- ინტერვიუ მარნეულის ახლადარჩეულ მერთან, ზაურ დარგალთან

ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, საკუთარ უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში მას შემდეგ შეუდგება, რაც 22-ე საოლქო საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და საკრებულოს უმრავლესობა დარგალის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
მანამ, სანამ დარგალი მერიის შენობაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგება, სამომავლო გეგმებზე “კვირასთან” საუბრობს. იქედან გამომდინარე, რომ ზაურ დარგალის არჩევა რიგგარეშე არჩევნების გზით მოხდა, უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ორწელიწად-ნახევარს ექნება, ამ პერიოდში კი იგი აპირებს ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელთა შორისაა საბავშვო ბაღები, სკოლები, გზები, წყალი, სარწყავი სასმელი და კანალიზაცია.
“90-მდე მსხვილი პროექტის განხორციელება იგეგმება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ქალაქში იწყება მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც სასმელი წყლით მარნეულის 24-საათიან მომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ ახლომდებარე სოფლებს – ყიზილაჯლოს, წერეთელსა და ასე შემდეგ. დაგეგმილია ისტორიული პროექტი, რომელიც კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას გულისხმობს. აშენდება 7 ახალი სკოლა და სრულად რეაბილიტირდება 19 საჯარო სკოლა.

დარგალი ამბობს, რომ იმავე ტენდენციის გაგრძელებას აპირებს, რასაც წინასაარცევნო კამპანიის ფარგლებში აკეთებდა.ზაურ დარგალი პროექტების დაგეგმვას მოსახლეობის ჩართულობით აპირებს. მეტიც, მერიის მუშაობაში დარგალი სიახლის შემოტანას გეგმავს.
“შეიცვლება მოქალაქეების მიღების წესი, შეიქმნება მოქალექეთა მომსახურების ცენტრი, სადაც ადგილობრივებს ყველა მომსახურების მიღება ერთ სივცეში შეეძლებათ. ცენტრი მოიცავს მოქალქეთა მიღებასა და შეხვედრების ოთახს”, – ამბობს დარგალი.
რაც შეეხება მერიაში საკადრო ცვლილებებს – ზაურ დარგალი ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მერიაში მენეჯმენტის გაძლირებას გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, კადრების გადამზადებასაც არ გამორიცხავს.
ზაურ დარგალმა, რომელიც მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მმართველ გუნდს წარმოადგენდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი ინფორმაციით, დარგალმა მარნეულელების, თითქმის, 80 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები