მამუკა ბახტაძე: „ნაცმოძრაობა” და მისი ლიდერი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არეულობის განცდა შემოიტანონ

„ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში როგორმე არეულობის განცდა შემოიტანოს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “ტვ პირველის” თოქშოუში „არჩევანი” სტუმრობისას.
მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ საინფორმაციო გარემო, ტყუილები, აგრესიული რიტორიკა, ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისგან” მოდიოდა.
„ამ არჩევნებმა ძალიან ნათლად გამოკვეთა ეს ყველაფერი, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხომ ჩატარდა არჩევნები – იყო მსგავი ემოციები, მსგავსი განცდები, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები? – არა. ამის პასუხი არის სწორედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საზოგადოებაში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები არის ამისი მკაფიო დემონსტრირება, სხვაგან რატომ არ იყო იმავე ტიპის გარემო და ატმოსფერო”, – განაცხადა მამუკა ბახრტაძემ.
მისი თქმით, ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტი საქართველოში, სადაც 120 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს.
“ამავე დროს, ეს არის იმ რეგიონის ცენტრი, რომელიც არის ხიდი ჩვენთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან, ჩვენს ყველაზე დიდ ტკივილთან; აქედან გამომდინარე, ზუგდიდში არჩევნები იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები