დავით ზალკალიანი: ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არის სამაგალითო

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში და ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არის სამაგალითო“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, დამუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბოლო 23 წლის განმავლობაში, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
„ბატონო მინისტრო, ნება მომეცით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მოგესალმოთ, ეს დღე ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული, რადგან დამუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბოლო 23 წლის განმავლობაში, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში  და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობასა და იმ როლს, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ჩვენს ქვეყანას, თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენი ურთიერთობები მართლაც უაღრესად დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები  როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე – ჩინეთიდან საქართველოში და ვფიქრობ, რომ თქვენი ვიზიტიც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება და უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და სიმბოლურია ისიც, რომ თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოგეხსენებათ, რომ 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შარშან 100 წელი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გახდა, და ვფიქრობ, რომ ეს თარიღიც კიდევ ერთხელ განსაზღვრავს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის წლების პერიოდში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში და ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არის სამაგალითო“, – განაცხადა მისასმებელი სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები