“ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას”

„ვიმედოვნებ, რომ ჩემი ეს ვიზიტი გახსნის ახალ პერსპექტივებს და განზომილებებს ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ  საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩამოვედი საქართველოში. ამ დღეებში საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მინდა, თქვენს ქვეყანასა და ხალხს მივულოცო ეს დღე. ჩინეთი ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  და ყოველთვის გვახარებს, როდესაც ქვეყნები ცდილობენ, გაჰყვნენ განვითარების გზას, თავიანთი ხალხის საჭიროებებისა და არსებული პირობების გათვალისწინებით.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მინისტრო, ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე ხანში, ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და მას შემდეგ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეუფერხებლად ვითარდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერობებში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ გვახარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნები აუმჯობესებენ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ პოტენციალს განავითარებენ.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში ბევრი წლის წინ შედგა. ჩემთვის ეს ვიზიტი, პირველ რიგში, მეგობრობის გამოხატულებას წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება კიდევ უფრო განვავითაროთ ტრადიციული მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას, და განსაკუთრებით, ჩვენს ხალხებს შორის. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი გახსნის ახალ პერსპექტივებს და განზომილებებს ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად.
მეორე რიგში, ეს არის ვიზიტი მოსმენისთვის, რადგან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტიდან ამდენი წლის შემდეგ, ჩემთვის ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა შევიტყო, თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ჩვენი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც ვფიქრობ გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთგაგებას.
და მესამე რიგში, ეს არის ვიზიტი, რომელიც დაგვეხმარება შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები, არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, და ვიპოვით გზები თუ, არსებული გლობალიზაციის შესაბამისად, როგორ შეიძლება განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, და კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ჩვენს ხალხს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა, როგორ შეგვიძლია, ერთობლივად გავიღოთ წვლილი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ, თქვენი და თქვენი კოლეგების ძალისხმევით, ეს იქნება ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ სტუმართმოყვარეობისთვის“, – განაცხდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები