ბაქოში დღეს და ხვალ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე იმსჯელებენ

დღეს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, კომისიის სხდომა 23 მაისს დაიწყება და 24 მაისამდე გასტანს.
მათივე ინფორმაციით, კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების – ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.
ცნობისათვის, 14 მაისს ბაქოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვს შორის.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის, დაახლოებით, 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები