გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა გაიმართა

22-23 მაისს ქალაქ ლვოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს, როგორც ქსელის თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი – გივი მიქანაძე თავმჯდომარეობდა.
უკრაინის ვერხოვნა რადას აპარატის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან ერთად მონაწილეობა სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა, საქართველოს აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძემ და მოლდოვას პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა მიიღეს.
შეხვედრამდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილი ევროკავშირისა და უკრაინის დროშების აღმართვის ცერემონიალში.
ორდღიანი შეხვედრის შედეგად, მიღწეული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: დამტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტთა კვლევითი ქსელის (EPPRN) საქმიანობის წარმართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი;
განიხილეს და მოწენებული იქნა თბილისის მემორანდუმის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი;
მოწონებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის შესახებ საინფორმაციო ვებგვერდის კონცეფცია;
საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ ხელმოწერილი იქნა ლვოვის კომუნიკე, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის აპარატის უფროსებმა მსგავსი ტიპის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს მიმართეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელთან აქტიური თანამშრომლობის დამყარებისკენ მოუწოდეს.
შეხვედრაზე 2019 წლის მეორე ნახევრის სამოქმედო გეგმა განიხილეს და შემდგომ დაამტკიცეს.
აღნიშნული გეგმის ფარგლებში, 3-5 ივლისს საქართველოში ქსელის წევრი აპარატის უფროსების სამუშაო ვიზიტი განხორციელდება, რომელზეც სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნება ქნესეტის აპარატის უფროსი და არჩეული იქნება ქსელის ახალი თავმჯდომარე ქვეყანა.
2019 წლის სექტემბრის დასასრულს ერევანში გაიმართება ქსელის წლიური შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს ერთი წლის აქტივობებისა და შედეგების ანგარიშს.
2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის აპარატი უმასპინძლებს ქსელის წევრი ქვეყნების აპარატის თანამშრომლების ორდღიან ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც გაუზიარებს ღია პარლამენტის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის, პარლამენტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობის გამოცდილებას.
პარალელურად, სომხეთში ჩატარდება კვლევითი და ანალიტიკური მიმართულების თემაზე სამუშაო შეხვედრა ერთობლივი რეგიონული კვლევის ჩასატარებლად, საერთო მეთოდოლოგიის შემუშავებისა და სტანდარტების განსაზღვრის მიზნით.
2019 წლის დეკემბერში იგეგმება ქსელის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ბერლინში, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელობასთან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, 2018 წლის სექტემბერში, თბილისის მემორანდუმისსაფუძველზე. 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ქსელს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები