მერსი ტემბონი: რყევები, რომლებიც ლარის კურსთან დაკავშირებით ფიქსირდება, ჯანსაღი პროცესის ნაწილია

0

„ლარის კურსთან დაკავშირებული რყევები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად, არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა, მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.
„ლარი სტაბილურ ვალუტას წარმოადგენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ის რყევები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად, არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. თუ გსურთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი, დადგენილი თავისუფალი მცურავი კურსი უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული.
ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი. მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კერძო სექტორის კიდევ უფრო გამყარებასა და გაძლიერებას, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარესა და სიმტკიცეს”, – განაცხადა მერსი ტემბონმა.

კომენტარები

კომენტარი