ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა
დაბა ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის – „ახალი ტალღა“ ფილიალია.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, სასწავლებელში 60 მსურველია რეგისტრირებული. მიმდინარე ეტაპზე კოლეჯში 5 საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება: ტურიზმი, ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, სატყეო საქმე და ვეტერინარია.
„პროგრამით გათვალისწინებულია ინგლისური ენის სწავლებაც. აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა იქნება უფასო და მიღება განხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ერთიანი წესით. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. კოლეჯის გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოსა და აჭარის ა.რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აცხადებენ ხულოს მერიაში.