საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ძი იენჩიმ.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, დინამიურად ვითარდება და შესაბამისად, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს” – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს ჩინეთის ხელისუფლების დიდ ინტერესს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის მიმართ. „ჩინეთი საქართველოს ერთ–ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის არსებობს მყარი სახელშეკრულებო ბაზა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას” – აღნიშნა არჩილ კალანდიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები